SJC: ფულადი კომპენსაცია დევნილების გრძელვადიან განსახლებას საფრთხეს უქმნის

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (SJC) შეფასებით, ხელისუფლების მიერ დევნილებისთვის ფულადი კომპენსაციის შემოღება მათ გრძელვადიან განსახლებას საფრთხეს უქმნის. ორგანიზაცია მთავრობის ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად დაინერგა დევნილი ოჯახების საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა. მასში ჩართვა ნებაყოფლობითია.
პროგრამის მიხედვით, ყოველ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში საცხოვრისი ან კომპენსაცია არ მიუღია, შეუძლია კომპენსაცია მოითხოვოს. თანხა ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარია და გაიცემა განაცხადის მიღების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა. პროგრამის შინაარსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 13 ოქტომბერს დაამტკიცა: შეიცვალა მინისტრის 2021 წლის ბრძანება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“. აქამდე გრძელვადიანი უზრუნველყოფა მოიცავდა საცხოვრებლის დევნილთა საკუთრებაში გადაცემასა და კერძო საკუთრებაში არსებული ფართის შესყიდვას, ახლა კი მესამე მიმართულებაც დაემატა.
განაცხადებს იღებს და წინასწარ აფასებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ის ამოწმებს განმცხადებელთა ვინაობას და იმას, ისარგებლეს თუ არა მათ საცხოვრისით უზრუნველყოფის რომელიმე პროგრამით. შემდეგ განაცხადები დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით გადაეცემა მონიტორინგის დეპარტამენტს. კომპენსაცია გაიცემა, თუ პირებს არცერთი პროგრამით არ უსარგებლიათ და განაცხადში მითითებული ოჯახის შემადგენლობა მონიტორინგის შედეგებს ემთხვევა. კომპენსაციის მიღებით სახელმწიფო იხსნის განმცხადებლებისა და მათი ოჯახის წევრების პირდაპირი დაღმავალი შტოს შთამომავლების საცხოვრისით დაკმაყოფილების ვალდებულებას, ოჯახი კი მომავალში განსახლების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას დაკარგავს.
ირაკლი კობახიძის თქმით, წელს პროგრამისთვის 58 მილიონი ლარი გამოიყოფა და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება გაზრდილი ბიუჯეტით. SJC-ის შეფასებით, ეს აჩვენებს, რომ მთავრობა ვარაუდობს, კომპენსაციას არაერთი ოჯახი მოითხოვს.
ორგანიზაციის თქმით, პროგრამა არათუ ხელს შეუწყობს დევნილთა გრძელვადიან და ღირსეულ განსახლებას, არამედ საცხოვრისისა და დანაზოგის არმქონე ოჯახებს უსახლკარობისა და სოციალური გარიყულობის რეალურ რისკს შეუქმნის. SJC მიიჩნევს, რომ თანხა შესაძლოა საცხოვრებლის შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდეს, ამასთან უწყებებს არ განუმარტავთ, რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა ოდენობა. ორგანიზაცია ადარებს სხვა პროგრამებს: ეკომიგრანტებისთვის ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარია, მრავალშვილიანი უსახლკარო ოჯახებისთვის მაქსიმუმ 50 000 ლარი, ხოლო „სოფლად სახლის“ პროგრამით ერთსულიან ოჯახს 22 000, ორსულიანს კი 25 000 ლარი ეძლევა.
SJC მიუთითებს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში 97 280 დევნილი ოჯახი იყო რეგისტრირებული, აქედან 45 160-ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ჯერ არ ჰქონდა მიღებული. იმავე პერიოდისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი 19 ობიექტი დახურული არ იყო და მათში 385 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. ორგანიზაცია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ განსახლების ინიციატივების ნაწილი დაგეგმილ ვადებში არ სრულდება. 2025 წლისთვის დევნილთა განსახლება თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში უნდა მომხდარიყო, თუმცა ვადებში, ისიც ნაწილობრივ, მხოლოდ ქუთაისსა და თბილისში დასრულდა.
SJC-ის შეფასებით, მრავალწლიანი ლოდინისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ოჯახებმა კომპენსაცია შესაძლოა თავისუფალი არჩევანის ნაცვლად გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთ გზად მიიჩნიონ. ორგანიზაცია იხსენებს, რომ წლების წინ დევნილები კომპაქტური განსახლების ობიექტების დატოვების სანაცვლოდ ერთჯერად თანხას, მაგალითად 7 000 აშშ დოლარს, იღებდნენ და მათი დიდი ნაწილი მაინც საცხოვრისის გარეშე დარჩა. ამავე დროს, SJC აღნიშნავს, რომ კომპენსაცია შეიძლება სასარგებლო იყოს იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ საცხოვრისი ან გარკვეული დანაზოგი.
ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამის ფართოდ გამოყენებამ შესაძლოა სახელმწიფოს საბინაო ვალდებულებების ფორმალური შემცირება გამოიწვიოს ისე, რომ სათანადო საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ დევნილთა რაოდენობა რეალურად არ შემცირდეს. SJC ასევე მიუთითებს, რომ ბუნდოვანია ტერმინ „კომპენსაციის“ შინაარსი და ის, ევალებათ თუ არა დევნილებს თანხის განსახლების მიზნით გამოყენება.
ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, პროგრამის ამოქმედებამდე საჯაროდ განმარტოს მისი სამართლებრივი შედეგები, დაასაბუთოს კომპენსაციის ოდენობის ადეკვატურობა და შექმნას გარანტიები, რომ თანხით სათანადო საცხოვრებლის შეძენის შეუძლებლობის შემთხვევაში დევნილი ოჯახები სახელმწიფოს შემდგომი მხარდაჭერის გარეშე არ დარჩებიან. ორგანიზაცია ასევე მოითხოვს გრძელვადიანი განსახლების არსებული პროგრამების გაძლიერებასა და დაჩქარებას.









