საზოგადოება

9 თვეში საარსებო შემწეობა 163 ათას ადამიანს შეუწყდა

9 თვეში საარსებო შემწეობა 163 ათას ადამიანს შეუწყდა

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კიდევ 23 ათასით შემცირდა. წლის პირველ სამ კვარტალში დახმარება სულ 163 ათას პირს შეუწყდა.

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2023 წლის გარდა, ფაქტობრივად მუდმივად იზრდებოდა. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში კი მათი რიცხვი მკვეთრად, 23%-ით შემცირდა.

სოციალური შემწეობა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ფინანსური დახმარების მექანიზმია. მისი მიზანია, მინიმალური სამომხმარებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს მატერიალური დახმარება გაუწიოს.

9 თვეში პირდაპირი დახმარების მიმღებთა რაოდენობა 13%-ით, 464 ათასიდან 405 ათასამდე შემცირდა. პროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებთა რიცხვი კი 42%-ით, 246 ათასიდან 142 ათასამდე დაეცა.

კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სოცდაუცველთა დასაქმების „ფიქტიური პროგრამის“ გაუქმება სახელდება. მასზე 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 407 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდებოდა. მისი ფარგლებში სკოლებში დარაჯებისა და სასაფლაოებზე დამლაგებლების რაოდენობა არაავთენტურად გაიზარდა, ერთ-ერთ სოფელში კი ტანკსაც კი ალაგებდნენ. პროგრამა 2026 წელს დაიხურა, „ქართულ ოცნებაში“ კი აღიარეს, რომ დასაქმება ფიქტიური იყო. შეწყვეტილი 163 ათასი დახმარებიდან თითქმის ორი მესამედი, 104 ათასი, სწორედ ამ პროგრამის გაუქმებაზე მოდის.

მეორე მიზეზად გაგრძელებული მორატორიუმის დასრულება სახელდება. პანდემიის დროს ოჯახებს აღარ ამოწმებდნენ. პანდემიის შემდეგაც, 2023 წლის გარდა, დახმარების მიმღებთა რაოდენობა ძირითადად იზრდებოდა, 2026 წლიდან კი მკვეთრი კლება დაიწყო.

პროგრამის მიმდინარეობისას მუდამ იკვეთებოდა ორი პრობლემა, რომელიც დღესაც აქტუალურია: ადამიანთა ნაწილი დახმარებას არამიზნობრივად იღებს, საარსებო მინიმუმის არმქონე პირთა ნაწილი კი დახმარებას ვერ იღებს.

კლება შინაარსობრივად ორნაირად შეიძლება აიხსნას: ადამიანთა დიდმა ნაწილმა უკიდურეს სიღარიბეს თავი დააღწია, ან სიღარიბე არ შემცირებულა, მაგრამ მთავრობამ თანხების დაზოგვისა და პიარულად უკეთ წარმოჩენის მიზნით ბენეფიციართა რაოდენობა ხელოვნურად შეამცირა. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში სოციალური დახმარების მიმღებთა ზრდა არაბუნებრივად ჩანდა.

2026 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით შემცირდა, რაც მთავრობამ ფიქტიური დასაქმების პროგრამის გაუქმებით ახსნა. მეორე კვარტალშიც დასაქმებულთა რიცხვი ათასი ადამიანით შემცირდა. იმავე კვარტალში მუდმივ ფასებში დათვლით რეალური ხელფასის ზრდის ტემპმა მხოლოდ 2% შეადგინა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ