საზოგადოება

სტუ-ში პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა

სტუ-ში პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების გაცნობას დაეთმო. მისი მიზანი უცხოელი ახალგაზრდების საგანმანათლებლო სივრცეში ეფექტური ინტეგრაცია და უნივერსიტეტის მრავალფეროვანი რესურსების გაცნობა იყო.

ღონისძიების მოდერატორები იყვნენ სტუ-ის სტუდენტები, ამავდროულად უნივერსიტეტის გლობალური აკადემიური ჩართულობისა და ინსტიტუციური ცნობადობის დეპარტამენტის თანამშრომლები ანა თუხარელი და გიორგი შაკიაშვილი. პროცესში ახალი ციფრული პერსონაჟი Mr Global-იც მონაწილეობდა.

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა მიმართა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვა გააცნო. რექტორის მიმართვაში აღნიშნულია: „მოხარულნი ვართ, რომ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპისთვის საქართველო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აირჩიეთ. გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება თქვენთვის ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენების, მრავალფეროვანი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების დასაწყისი გახდება. ვაფასებთ თქვენს არჩევანსა და ნდობას ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ. გვსურს, რომ აქ გატარებული წლები თქვენთვის ნაყოფიერი, საინტერესო და დაუვიწყარი იყოს.“

მიმართვის მიხედვით, სტუ საუკუნეზე მეტი ისტორიის უნივერსიტეტია და მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 7.9%-ში შედის. QS Stars-ის შეფასების სისტემაში მას სამი ვარსკვლავი მიენიჭა. რექტორი სტუდენტებს ჰპირდება თანამედროვე სასწავლო გარემოს, განახლებულ აუდიტორიებსა და ლაბორატორიებს, სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

თამარ წერეთელმა სტუდენტებს რექტორის მოწოდება გადასცა, აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში და სწავლის პერიოდი საქართველოს ისტორიისა და კულტურის უკეთ გასაცნობადაც გამოიყენონ.

ღონისძიებაზე სიტყვით ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემაც გამოვიდა. მან სამეცნიერო კვლევების მიმართულებით ყოველმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა სტუდენტებს და უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიულ ბაზაზე ისაუბრა, რომელიც სტუდენტური ინოვაციებისთვის ღიაა. მისი თქმით, უნივერსიტეტი უცხოელი ახალგაზრდების საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევით პროექტებში ჩართულობას შეუწყობს ხელს და მათ სამეცნიერო პოტენციალის გლობალურ დონეზე რეალიზებაში დაეხმარება.

შეხვედრისას მოდერატორებთან დიალოგში ჩაერთო ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ციფრული პერსონაჟი Mr Global-ი, რომელიც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, თეოდორე ჯანაშიამ და გიორგი შაკიაშვილმა შექმნეს. მან პირველკურსელებს ინგლისურად მიმართა და ვიზუალური მასალის თანხლებით გააცნო უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი გარემო, საერთაშორისო ინიციატივებსა და კონფერენციებში მონაწილეობის პერსპექტივები და სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნება.

მოდერატორებმა სტუდენტებს გლობალური აკადემიური ჩართულობისა და ინსტიტუციური ცნობადობის დეპარტამენტის (GTU Global) ხელმძღვანელი, დოქტორი ლელა ჩიქოვანი, თანამშრომლები და სტუდენტი ტუტორები წარუდგინეს. ისინი საერთაშორისო სტუდენტებს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევენ და საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან ადაპტაციაში დაეხმარებიან. ტუტორთა გუნდი მიზნად ისახავს უცხოელი ახალგაზრდების მხარდაჭერას აკადემიური ორიენტაციის, ყოველდღიური საორგანიზაციო და ლოგისტიკური საკითხებისა და კულტურული ბარიერების გადალახვის საქმეში.

ღონისძიების დასასრულს Mr Global-მა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს მოუწოდა, გააკეთონ მეტი ახალი აღმოჩენა და მაქსიმალურად გამოიყენონ სტუ-ის შეთავაზებული შესაძლებლობები. შეხვედრის კულმინაცია სტუდენტთა საერთაშორისო ჰიმნი Gaudeamus Igitur იყო, რომელიც შეკრებილებს ციფრულმა პერსონაჟმა მიუძღვნა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სწავლების სამივე საფეხურზე 35 ქვეყნის რეზიდენტი 5000-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი განათლებას იღებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ