პაპუაშვილი: ფორუმზე საქართველოს არმიწვევა აჩვენებს, ვინ არის ბოიკოტზე ორიენტირებული

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს არმიწვევა აჩვენებს, ვინ არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში ბოიკოტზე ორიენტირებული, დესტრუქციული და დიალოგის შემაფერხებელი.
მისი თქმით, კაია კალასის განცხადება, რომ მისი ამოცანა საქართველოსა და შავი ზღვის საკითხების სიღრმისეული განხილვა არ არის, მის ზედაპირულობას ააშკარავებს. პაპუაშვილის განმარტებით, ამიტომ არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა უმწიფარი და ამიტომ დაკარგა მან გლობალური როლი. მისივე თქმით, არ არსებობს დიდი სახელმწიფო, რომელიც დღეს ევროკავშირს, როგორც გლობალურ ძალას, ანგარიშს უწევს.
პაპუაშვილის შეფასებით, ამ ურთიერთობაში დესტრუქციული ევროკავშირია, კონსტრუქციული კი საქართველო. „მზად ვართ დაველოდოთ მათ დიალოგის მაგიდასთან. სადაც ევროკავშირი კონფრონტაციაზე წავიდა, თვითონაც წააგო და სხვა ქვეყნებს კიდევ უფრო დიდი შეცდომები დააშვებინა და დიდ უბედურებაში გადააგდო. არ ვფიქრობთ, რომ უნდა ავყვეთ ევროკავშირის კონფრონტაციულ პოლიტიკას. ჩვენ დიალოგის მაგიდასთან ვსხედვართ, ველოდებით როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული და დროა ევროკავშირი კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს“, - განაცხადა მან.
პაპუაშვილს ჰკითხეს, როგორ აფასებს იმას, რომ ნოემბერში დაგეგმილ გაფართოების კონფერენციაზე საქართველოდან მხოლოდ ნინო ლომჯარია არის მიწვეული, მაშინ როცა გაფართოებაზე სასაუბროდ სახელმწიფოები არიან წარმოდგენილი. მან უპასუხა, რომ ლომჯარია 2024 წლის არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმისა და ჩარევის იარაღი იყო, რომ ის სხვადასხვა ევროპული ფონდიდან ფინანსდებოდა და არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდა. პაპუაშვილის თქმით, ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც ტყუილს ამბობდა.
პაპუაშვილმა ისიც თქვა, რომ ეს ბრიუსელის უმწიფარ პოლიტიკას ადასტურებს. მისი განცხადებით, ევროკავშირი სერიოზული საერთაშორისო მოლაპარაკებებიდან არის ჩამოშორებული და უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს, თუმცა არც რუსეთს და არც ამერიკას არ აინტერესებს მათი მონაწილეობით საუბარი.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ევროპული საბჭოს სამიტამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ ფიქრობს, სამიტზე საქართველოს ან შავი ზღვის საკითხებზე სიღრმისეული დისკუსიები გაიმართება, თუმცა უსაფრთხოების კონტექსტში ეს თემები წამოიჭრება. ევროკომისიის გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება.









