საზოგადოება

ყაველაშვილი: სვეტიცხოვლობა გვახსენებს, ვინ ვართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი

ყაველაშვილი: სვეტიცხოვლობა გვახსენებს, ვინ ვართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი საწყისების გაფრთხილება და სიღრმისეულად გააზრება.

მისი თქმით, სვეტიცხოვლობა დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა ღირებულებებზე უნდა იდგეს ჩვენი მომავალი.

ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ დღესასწაული განსაკუთრებით სიმბოლურია წელს, როდესაც საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. პრეზიდენტის შეფასებით, ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ქვეყნის ისტორია და სულიერი არჩევანი განუყოფელია.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, საჭიროა ერთსულოვნება, მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთო ძალისხმევა, რათა სახელმწიფოში ქრისტიანული ღირებულებები უფრო განმტკიცდეს.

მან მცხეთას „უმთავრესი სულიერი დედაქალაქი“ უწოდა და სვეტიცხოველი დედაეკლესიის მთავარ ტაძრად, ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრეს სიმბოლოდ დაასახელა. ყაველაშვილის თქმით, სწორედ ამ ტაძარში განისვენებს, სხვა სიწმინდეებთან ერთად, მაცხოვრის კვართი.

პრეზიდენტმა სვეტიცხოვლობა მოულოცა საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს და დასძინა: „მინდა, რომ უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ