წითლიძე: მანანა კობახიძის გადაწყვეტილება მოსამართლეებზე არსებულ ზეწოლას აჩვენებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს მოსამართლეებზე არსებულ ზეწოლას. მისი თქმით, კობახიძემ ჯერ პარტიების აკრძალვის საკითხზე თვითაცილება ითხოვა, შემდეგ კი თანამდებობა საერთოდ დატოვა. წითლიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეებს აიძულებენ, პარტიების აკრძალვაზე დაუსაბუთებელი, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღონ.
წითლიძის თქმით, კობახიძის გადაწყვეტილებას წინ ვენეციის კომისიის „ძალიან მძიმე დასკვნა“ უსწრებდა. მისივე განცხადებით, კომისიამ მკაფიოდ თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა კონსტიტუციური წყობილების დაცვა არ არის, არამედ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების საფუძვლიანად შერყევის მცდელობაა.
წითლიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუცია ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია, როცა საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე კონსტიტუციური სარჩელი მხარეების განხილვის გარეშე, ფარულად მიიღო წარმოებაში.
მან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა და თქვა, რომ მათ არჩევანის გაკეთება უწევთ „რუსულ საოკუპაციო რეჟიმსა და სამშობლოს შორის“. წითლიძის თქმით, გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეებს ავალებს, კრემლშია დაწერილი. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით მოსამართლეები ცდილობენ „თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეის“ მოკვლას. წითლიძემ დასძინა, რომ შესრულების შემთხვევაში მათ მკაცრი საერთაშორისო სანქცია დაეკისრებათ და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა „განუზომელი“ იქნება.
წითლიძემ დაამატა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს თავს არ დაუხრის და ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
სარჩელის განხილვაში ჩაერთვებიან თუ არა, ამაზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. წითლიძის თქმით, თავიდანვე წარადგინეს შესაგებელი და შეიტანეს ორი დამატებითი სარჩელი, რომლითაც მხარეებს შორის დასაშვებობის საკითხის განხილვას ითხოვდნენ. მისივე თქმით, სასამართლოში სამართლებრივ პროცესთან ახლოს მდგომი პროცესის მოლოდინი არ აქვთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი ორგანო არ არსებობს და მოსამართლეები ხელისუფლებას ექვემდებარებიან.









