პოლიტიკა

შუქრი ბურჭულაძე: პაატა ბურჭულაძის საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია

შუქრი ბურჭულაძე: პაატა ბურჭულაძის საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია

მსჯავრდებული მომღერლის, პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის თქმით, იმაზე, უნდა მოაწეროს თუ არა მამამისმა საპროცესო შეთანხმებას ხელი, საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია. ამგვარად უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას, გააფორმებს თუ არა პაატა ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებას.

შუქრი ბურჭულაძე ამბობს, რომ ქვეყანაში უსამართლობაა, რადგან ადამიანებს ჯერ უკანონოდ აპატიმრებენ, შემდეგ კი საპროცესო შეთანხმებაზე ხელის მოწერას აიძულებენ.

„საერთოდ, ქვეყანაში სუფევს უსამართლობა, არაკანონიერად აპატიმრებენ ხალხს და შემდგომ აიძულებენ, მოაწერონ ხელი საპროცესო შეთანხმებაზე, აღიარონ დანაშაული, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მე არ მახსოვს ამდენი მსახიობი, ამდენი ექიმი, ამდენი ჟურნალისტი ყოფილიყო არაკანონიერად დაპატიმრებული. „ქართული ოცნება“ არის არაკანონიერი, „ქართული ოცნება“ არის [უფრო] რეპრესიული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით”, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ყველამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, რამდენად სწორია, რომ ორგანიზატორები საპროცესო შეთანხმებას აფორმებენ და ასეთი გზით თავისუფლდებიან, სანამ აქციის სხვა მონაწილეები ციხეში რჩებიან.

„თქვენ რომ დააორგანიზოთ აქცია, მოვიდეს პოლიცია და არაკანონიერად დაიჭიროს ვიღაცები, ყველა ვარიანტში თქვენც ხომ იქნებით პასუხისმგებელი იმ ხალხის თავისუფლებაზე, ამიტომ ყველამ დაუსვას თავის თავს კითხვა, კარგი არის თუ არა, სანამ სხვები სხედან ციხეში, [ორგანიზატორების მიერ] საპროცესოს გაფორმება და გათავისუფლება ასეთი არამართალი გზით. აღიარებენ იმას, რაც არ გაუკეთებიათ და იმ ხალხს ტოვებენ ციხეში, რომლებზეც იციან, რომ ისინიც არ არიან დამნაშავეები“, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ