ართქმელაძე: მანანა კობახიძის გადაწყვეტილება სისტემის რღვევის ნიმუშია

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა თორნიკე ართქმელაძემ მანანა კობახიძისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების პირადი განცხადების საფუძველზე შეწყვეტას გამოხმაურა. მისი თქმით, ერთ დროს „ქართული ოცნების“ ერთგული მხარდამჭერი და აქტიური წევრიც კი უარს აცხადებს ირაკლი კობახიძის მოთხოვნის შესრულებაზე.
ართქმელაძე პარტიების აკრძალვას მძიმე გადაწყვეტილებად ასახელებს და იმედს გამოთქვამს, რომ ამას საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებიც გააცნობიერებენ.
„მანანა კობახიძის ეს გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იქიდან, რომ მას არ სურდა ანტი-კონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობა, რასაც პარტიების აკრძალვა ჰქვია. იმედია, ამ ფაქტის შემდეგ სხვა მოსამართლეებიც სრულად გააცნობიერებენ, თუ რა მძიმე გადაწყვეტილება იქნება პარტიების აკრძალვა. ეს გადაწყვეტილება ასევე არის სისტემის რღვევის კიდევ ერთი ნიმუში - ერთ დროს „ქართული ოცნების“ ერთგული მხარდამჭერი და მისი აქტიური წევრიც კი უარს აცხადებს ირაკლი კობახიძის მოთხოვნის შესრულებაზე“, - განაცხადა ართქმელაძემ.
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. ამის შესახებ სასამართლოს ინფორმაციაში წერია.
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების თაობაზე. სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძემ თვითგანრიდების თხოვნით სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.









