პოლიტიკა

სიორიძე: სასამართლო პროცესში მონაწილეობა სასამართლოს მიმართ ნდობას არ ნიშნავს

სიორიძე: სასამართლო პროცესში მონაწილეობა სასამართლოს მიმართ ნდობას არ ნიშნავს

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვაში მონაწილეობა სასამართლოს მიმართ ნდობას არ ნიშნავს. თავისი პოზიცია მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ გამოხატა.

სიორიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუციური ბრძოლის ამსახველი მთელი მასალა შეიკრას, რათა შემდეგ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სამართლებრივი საფუძვლები არსებობდეს.

„სასამართლოში მონაწილეობა არც სასამართლოს მიმართ ნდობას ნიშნავს და არც იმას, რომ საქართველოში სამართლებრივი გზით რაიმეს მიღწევა შეიძლება. ეს დიდი ხანია ასეა ამ ქვეყანაში, ჩვენ ავტოკრატიაში ვცხოვრობთ. 2024 წლის შემდეგ ჩვენ გამოვიყენეთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა გზა და მეთოდი. ჯერ შედეგები გავასაჩივრეთ საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა დონეზე, შემდეგ საერთო სასამართლოებში ყველა დონეზე და არც მაშინ გვქონდა იმედი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა შეიკრას, როგორც სამართლებრივი საფუძვლები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაჩენისთვის და ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვის და როდესაც ვამბობ ჩვენს მოკავშირეებს, ვგულისხმობ ქართველი ხალხის მოკავშირეს“, - განაცხადა სიორიძემ.

მისი შეფასებით, პროცესში მონაწილეობა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ დიქტატორული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური პოლიტიკის გვირგვინია, რომელმაც ქვეყანა იზოლაციამდე მიიყვანა. სიორიძემ თქვა, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე მოსპო და ახლა პარტიების აკრძალვას მიდგა. მისივე თქმით, ამ ნაბიჯის გამო „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს როგორც ქვეყნის შიგნით, სადაც ვერდიქტს ქართული საზოგადოება გამოუტანს, ისე ქვეყნის გარეთ.

სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძის გადადგომაც შეაფასა. კობახიძემ ჯერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესებიდან აცილება მოითხოვა, უარის შემდეგ კი თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„მანანა კობახიძის მცდელობა ჩემთვის, რა თქმა უნდა, გასაგებია. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც შეუძლია ამის გათვითცნობიერება, თუ რა სახიფათო თამაშში ითრევს მას ივანიშვილი, ისიც აქვს გაცნობიერებული, თუ რა ელით ერთის მხრივ, ქვეყნის შიგნით და მეორეს მხრივ, არის საერთაშორისო სანქციები. ვინც ამაში მონაწილეობს, ყველა გადაიხდის პოლიტიკურ ფასს“, - თქვა სიორიძემ.

მან კომენტარი გააკეთა დავით ოქიტაშვილის ფეისბუქპოსტზეც, რომელშიც ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრ თინათინ რუხაძეს მისი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს, პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს და სუს-ის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს რუხაძის მფარველობაში ადანაშაულებს.

სიორიძის თქმით, ამ საკითხს უკვე პარლამენტის წევრებიც გამოეხმაურნენ, რადგან საქმე ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებს ეხება. მისი თქმით, ეს ადამიანის პატივს შეეხება, რომელმაც პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად გააერთიანა ქართველი ხალხი, არა მხოლოდ მართლმადიდებლები.

„„ქართული ოცნების“ ქრონიკებს რომ გადავავლოთ თვალი, სულ ღალატის ქრონიკაა და თავადაც იძახიან ამას - გახარია მოღალატე, ღარიბაშვილი მოღალატე, თავდაპირველი გუნდი ვინც იყო, ისინიც მოღალატეები და მოკლედ, მოღალატეებიდან მოღალატეებამდე ცხოვრობენ. ერთი, რაც კარგია, არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ არავის აქვს მშვიდად ყოფნის უფლება, რადგან ვიღაცა ვიღაცის პროტეჟეა და მისი მფარველი როდესაც შეეწირება ხოლმე, ხვალ როგორი დღე გაუთენდება მას, არავინ იცის“, - განაცხადა სიორიძემ.

მისი თქმით, ამას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან და სამართლის აღსრულებასთან კავშირი არ აქვს. სიორიძის განცხადებით, ისინი ამას თავიანთი შიდა დაპირისპირების გასაღვივებლად და კონკურენტების ჩამოსაცილებლად იყენებენ, ეს კი ინდივიდუალური შურისძიებებია, რომლებიც ამავდროულად კონკრეტულ პირთა ბრალეულობასაც ემთხვევა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ