ელისაშვილი სასამართლო პროცესზე: ციხეში პატიმრებმა გიორგი დავითაძეს თანადგომა გამოუცხადეს

პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ციხეში პატიმრებმა გიორგი დავითაძეს თანადგომა გამოუცხადეს. ელისაშვილმა ასევე ისაუბრა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე და თქვა, რომ ოჯახთან და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს.
ელისაშვილის თქმით, მას ეგონათ, რომ მუხლებზე დამდგარს ნახავდნენ, თხოვნას და მუდარას დაიწყებდა, შეწყალებას და საპროცესო გარიგებას ითხოვდა, თუმცა „მისამართი შეეშალათ“. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები ყველას საკუთარი საზომით ზომავენ.
„პარტიის წევრები და ლიდერები ძმაკაცებს იჭერენ, მერე აბუჩად ერთმანეთს იგდებენ, ერთმანეთზე რას ლაპარაკობენ, ციხეში არიან და ერთმანეთს აბეზღებენ. [...] ახლა ერთმანეთს ხელს ადებენ, ერთმანეთზე „დანოსებს“ წერენ ოღონდ ციხიდან გამოაღწიონ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ორ საკითხზე დარდობს. პირველი ისაა, რომ ცეცხლი უნდა წაეკიდებინა უსამართლობისთვის, ხალხის აბუჩად აგდებისა და საკუთარი ხალხის ცემისთვის. მეორე ის, რომ იმ სამ პირს ასე იოლად ვერ უნდა დავეჭირე, მით უმეტეს, რომ იარაღი ჰქონდა. ელისაშვილი აცხადებს, რომ იარაღის მათ წინააღმდეგ გამოყენებაზე არც კი უფიქრია და ზედმეტი თავდაჯერებულობა საკუთარ თავზე გამოსცადა.
ელისაშვილმა, გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თქვა, რომ 2 ოქტომბერს ციხეში პროტესტი იყო. მისი თქმით, პატიმრებმა დაჩაგრულ დავითაძეს გვერდში დაუდგნენ და ძალადობა გააპროტესტეს. ელისაშვილის შეფასებით, ასეთი სოლიდარობა არსად ენახა.
მისივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ციხიდან დაახლოებით 20, შესაძლოა მეტი პატიმარი გაიყვანეს, შემდეგ კი დარეკეს და თქვეს, რომ ცემით „გაანგრიეს“. ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი დერეფნიდანაც არაერთი გაიყვანეს და 9 პატიმრის სახელი და გვარი იცის. მისი შეფასებით, ეს შემოწმება კი არა, დაგეგმილი სადამსჯელო სპეცოპერაცია იყო.
ელისაშვილის თქმით, პატიმრების პროტესტი ამ ამბის გამო პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის „ცინიკური სახით“ გამოსვლამ და ბადრაგებისთვის მადლობის გადახდამ გამოიწვია. მისი განცხადებით, სიტყვის დასრულებისთანავე შუშების ლეწვა დაიწყო და პენიტენციური სამსახურის უფროსსა და ციხის დირექტორს აგინებდნენ.
ელისაშვილმა დასძინა, რომ პენიტენციური სამსახური ციხეებში მომხდარზე იტყუება. მისი თქმით, მის კორპუსში დღემდე დალუქულია საკანი, რადგან პატიმარმა შუშები ჩალეწა და ნამსხვრევებით ვენები გადაიჭრა. დალუქულია ზედა დერეფანიც, სადაც, მისი თქმით, ერთმა პატიმარმა დარეკა და ვენების გადაჭრა დაადასტურა.
მისი თქმით, ბოლო 2-3 დღეა ციხის ადმინისტრაცია პატიმრებთან ბევრად მოწიწებით იქცევა. ამავე დროს, ელისაშვილმა თქვა, რომ რამდენიმე ადამიანის გამო ყველა ბადრაგს ჩირქი არ უნდა მოეცხოს.
ელისაშვილმა გიორგი დავითაძის მამას მიმართა და თანადგომა გამოუცხადა. მისი თქმით, დავითაძის გვერდით ციხეში ყველა ღირსეული პატიმარი დგას, ანუ „მთელი ბიჭობა“. ამიტომ, ელისაშვილის თქმით, დავითაძის მამას არ უნდა ადარდებდეს, რომ მის შვილზე ვინმე სხვაგვარად ისაუბრებს.
ელისაშვილმა ასევე მიმართა ირაკლი კობახიძესა და ირაკლი კალაძეს. მისი თქმით, ისინი დავითაძეზე აგდებით საუბრობდნენ, თუმცა როცა დაიჭერენ და ციხეში ჩასხდებიან, საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ზურგს შეაქცევენ. მან სთხოვა, სხვის ღირსებაზე არ ილაპარაკონ.









