სიორიძე: ვენეციის კომისიის დასკვნა „ქართული ოცნების“ შეზღუდვებს სამართლებრივად აბათილებს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ე.წ. „გრანტების კანონმდებლობაზე“ სამართლებრივი არგუმენტებით აცამტვერებს „ქართული ოცნების“ რეპრესიულ შეზღუდვებს.
სიორიძის თქმით, „ქართული ოცნება“ სერიოზულ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ამის ერთ-ერთ დასტურად მან ვენეციის კომისიის დღეს გამოქვეყნებული დასკვნა დაასახელა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სპიკერები, განსაკუთრებით კობახიძე და პაპუაშვილი, კვალიფიციური იურისტების პედესტალიდან ამტკიცებდნენ, რომ კანონმდებლობის მიღება საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, უცხოური გავლენებისა და ჩარევების გასანეიტრალებლად იყო აუცილებელი. სიორიძე ამბობს, რომ ამ პროპაგანდაზე ვენეციის კომისიის ექსპერტთა პასუხი შემდეგია:
„ეს კანონები მიზნად არ ისახავს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და გაძლიერებას და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და საგარეო ჩარევებისგან დაცვას. ის აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებში. კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. იმის ნაცვლად, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური სისტემა და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და საგარეო ჩარევებისგან, ეს კანონმდებლობა მათ ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნის“.
სიორიძის თქმით, კანონმდებლობა ზღუდავს არა მხოლოდ ორგანიზაციებს, არამედ რეალურად პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს ათასობით ადამიანს. მისივე შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმს სურს ქვეყანაში ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობის მოსპობა და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამედ ყველაფრის აკრძალვა, რაც „ქართულ ოცნებას“ გზაზე გადაეღობება.
ვენეციის კომისიამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე დასკვნა გამოაქვეყნა. კომისია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ ემსახურება გაცხადებულ მიზანს, კერძოდ, კონსტიტუციური წყობილების დაცვას მისი ძალადობრივი გზით შეცვლისგან, დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნისგან, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისგან, ომის პროპაგანდისგან, ძალადობისგან და ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური სიძულვილის გაღვივებისგან. დასკვნის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების დაცვის ნაცვლად, ეს კანონმდებლობა მისი ფუნდამენტური შერყევის საფრთხეს ქმნის და ხელს უშლის ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას.









