პოლიტიკა

აქუბარდია: უალტერნატივო არჩევნებს გვიბრუნებენ, ოღონდ უფრო მძიმე და მახინჯი ფორმით

აქუბარდია: უალტერნატივო არჩევნებს გვიბრუნებენ, ოღონდ უფრო მძიმე და მახინჯი ფორმით

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში დაბადებულს ახსოვს უალტერნატივო არჩევნები და საქართველოს „სადღაც იქ“ აბრუნებენ, ოღონდ კიდევ უფრო მძიმე და მახინჯი ფორმით. ეს მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ თქვა. სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავენ.

აქუბარდიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი დილემის წინაშე დგას. თუ პარტიებს გააუქმებს, „უკან დახევის შანსი, რომ შეცვალოს პოლიტიკა და დასავლეთისკენ დაბრუნდეს, აღარ ექნება, მოიჭრის დასავლეთისკენ შემოტრიალების გზას“.

მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის დაწყება რუსეთის მოთხოვნებზე პასუხია.

„დღეს, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, ტაქტიკა რაც აქვს რუსეთს და ივანიშვილს ქართული მოსახლეობის მიმართ, ეს არის ბაყაყის ცივ წყალში მოხარშვის ტექნიკა. საკონსტიტუციო სარჩელში წერია, რომ 2008 წლის ომი იყო პროვოცირებული სააკაშვილის მიერ. ჩორჩანასთან დაკავშირებით წერია, რომ როდესაც გახარიამ საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩადგა საგუშაგო ხალხის დასაცავად, მათ ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებას ხელი შეუშალა. ეს თურმე არის დანაშაული. რუსეთი სთხოვს ჩვენგან სრულ კაპიტულაციას: ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას და შემდეგ უკვე აფხაზეთის რკინიგზის გახსნა. საკონსტიტუციო სარჩელში ეს ჩანაწერი პასუხია ამ მოთხოვნებზე.

წულუკიანის კომისიის დასკვნა იყო პარლამენტის, პარლამენტი მაინც უფრო პოლიტიკურ-სამართლებრივი ორგანოა, ხოლო თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამას დაამტკიცებს, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, რაც ხელისუფლების ვალდებულებაა, 78-ე მუხლი, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება და ხალხის დაცვა უქმდება. ამით განიარაღებას აკეთებს თავად მმართველი პარტია კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და ამით კიდევ უფრო ძლიერდება რუსეთის ინტერესები და პოზიციები“, - განაცხადა აქუბარდიამ.

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 21 ოქტომბერს იწყებს. მოსარჩელე მხარე „ქართული ოცნებაა“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ