პოლიტიკა

ღარიბაშვილის ადვოკატი პროკურატურას მდინარაძისგან მიღებულ წერილზე გამოძიების დაუწყებლობას ეკითხება

ღარიბაშვილის ადვოკატი პროკურატურას მდინარაძისგან მიღებულ წერილზე გამოძიების დაუწყებლობას ეკითხება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი სოციალურ ქსელში კითხულობს, რატომ არ დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება წერილზე, რომლის ავტორადაც ღარიბაშვილმა საჯაროდ მამუკა მდინარაძე დაასახელა. გელაშვილის თქმით, წერილის შინაარსი დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა.

ადვოკატის განცხადებით, დრომ აჩვენა, რომ იმავე გუნდმა, რომლის ინტერესების დაცვასაც ღარიბაშვილი ცდილობდა, ის გაწირა. გელაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს, დააკავეს და 5 წლით თავისუფლება აღუკვეთეს. მისივე თქმით, ღარიბაშვილმა ეს გააკეთა იმ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის პრემიერიც ორჯერ იყო, და უპირველესად ბიძინა ივანიშვილის გამო. გელაშვილის თქმით, ღარიბაშვილი თვლიდა, რომ სრული სიმართლის თქმა და რაიმე განცხადება საზოგადოების მხრიდან შეიძლებოდა მოღალატეობრივ ნაბიჯად აღქმულიყო.

გელაშვილი პოლიტიკური დევნისა და მორალური ზეწოლის ყველაზე გარყვნილ გამოვლინებად ციხეში მყოფი ღარიბაშვილისთვის წერილის გამოგზავნას მიიჩნევს. მისი თქმით, ღარიბაშვილმა ეს წერილი გამოაქვეყნა და მასში ახალი, ჯერ არარსებული ბრალის აღიარებას სთხოვდნენ, რათა მისი პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი ალბათობაც კი გადაეზღვიათ.

ადვოკატის ცნობით, წერილი ამა წლის ივლისში გაუგზავნეს. მისი თქმით, იმ დროისთვის მხეიძე, ტუკვაძე და ბურჭულაძე უკვე დაკითხულები იყვნენ და განაჩენიც გამოტანილი იყო, თუმცა ღარიბაშვილზე ქრთამის მიცემის შესახებ არაფერი უთქვამთ. გელაშვილი აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ისინი აგვისტოში, 18-21 რიცხვებში, დაკითხეს. ამიტომ ის კითხულობს, ივლისში საიდან უნდა სცოდნოდა მამუკა მდინარაძეს, რომ ბურჭულაძე აგვისტოში ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა. ღარიბაშვილმა საჯაროდ დაწერა, რომ წერილი მდინარაძემ გამოუგზავნა.

გელაშვილი სვამს კითხვას, იქნებ ღარიბაშვილი ცილს სწამებდა. მისი შეფასებით, გამოძიების დაწყება აუცილებელი იყო, მით უფრო, რომ წერილში მოყვანილი ყველა „ფაქტი“ შემდგომში სიტყვასიტყვით ასრულდა.

ადვოკატის თქმით, იმავე წერილიდან ცალსახად იკითხება, რომ მათი ინტერესი კორუფციული ქმედების გამოვლენა-აღკვეთა კი არა, ახალი მძიმე ბრალი იყო, რომელიც ღარიბაშვილის პოლიტიკურად გასანეიტრალებელ საშუალებად იქცეოდა. გელაშვილი წერს, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი თანაგუნდელი მათზე რეიტინგული იყო და ხალხს უყვარდა. მისი თქმით, მისი სახელი მექრთამეობასა და კორუფციასთან უნდა გაეიგივებინათ. „განა ეს არაა კლასიკური მაგალითი პოლიტიკური ნიშნით დევნისა?“ - წერს ლილი გელაშვილი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ