პეზეშკიანი კობახიძესთან შეხვედრაზე: თეირანსა და თბილისს გამჭვირვალე ჩარჩოები და გრაფიკი სჭირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შორის შეხვედრა ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად თეირანსა და თბილისს გამჭვირვალე ჩარჩოები და გრაფიკი სჭირდებათ.
ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაცემით, პეზეშკიანმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მზარდი ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული კავშირების პრაქტიკულ თანამშრომლობაში გადაყვანის აუცილებლობას.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ დაწესებულ აშშ-ის სანქციებზე საუბრისას პეზეშკიანმა ეს ზომები ჰუმანიტარული პრინციპების საწინააღმდეგოდ შეაფასა, ირანზე ბოლოდროინდელი თავდასხმები კი გაუმართლებელ და არაადამიანურ ქმედებებად დაასახელა. მისივე თქმით, ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს და მან ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ცრუ პროპაგანდა უარყო. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ირანი ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის, თუმცა ზეწოლას არ დაემორჩილება.
ირანის მხარის ცნობით, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მეზობელი ქვეყნების მიმართ მკაფიო პოზიციას ინარჩუნებს და ეწინააღმდეგება მათ საშინაო საქმეებში ნებისმიერ გარე ჩარევას. ორი ქვეყნის გეოგრაფიულ და კულტურულ კავშირებზე მითითებით მან თქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მეგობრობასა და თანამშრომლობას უნდა ეფუძნებოდეს.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და დიპლომატიურ სამსახურებს შორის კოორდინაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროებში საერთო ინტერესების გამოკვეთას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პეზეშკიანმაც დაწერა: „გვჭირდება მკაფიო და გამჭვირვალე ჩარჩოები ჩვენს შორის ურთიერთობების განსავითარებლად“.









