პაპუაშვილი: ევროკავშირის გაფართოების კონკრეტულ თარიღს ვერავინ დაასახელებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებამ რეალობა უნდა იცოდეს: დღეს და ხვალ ევროკავშირის გაფართოებაზე არავინ ფიქრობს, 2030 წელს კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მისივე თქმით, საქართველომ მიზნების მისაღწევად საკუთარი ლოგიკით უნდა განვითარება.
პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერი, ვინც გაფართოებასთან დაკავშირებით ერთ კონკრეტულ თარიღს ასახელებს, საუკეთესო შემთხვევაში არ არის გულწრფელი, უარეს შემთხვევაში კი ტყუის.
„მნიშვნელოვანია, რეალურად შევხედოთ სამყაროს და ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ერთი რამ ვიცოდეთ - ნებისმიერი, ვინც გაფართოებასთან დაკავშირებით ერთ კონკრეტულ თარიღს ასახელებს, ყველაზე კარგ შემთხვევაში არ არის გულწრფელი და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ტყუის. დღეს ვერავინ ვერ დაასახელებს თარიღს, წელს, როდესაც ევროკავშირის გაფართოება იქნება და ვერ დაასახელებს, რომელიც ქვეყნების მოხვდება ამ გაფართოებაში. ბრიუსელმა ყალბი იმედების შექმნის ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას აჟიტირებენ, თითქოს გაფართოება დღეს თუ არა ხვალ მოხდება. პაპუაშვილი ამბობს, რომ კითხვის ქვეშაა ისიც, რა სახეს მიიღებს ევროკავშირი, რადგან თამაშის პროცესში წესები იცვლება და საუბარია იმაზე, რომ ახალი წევრები სრულფასოვანი არ იქნებიან.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს ის პროცესია, რასაც არც შიდა პოლიტიკური დისკუსია და არც ქვეყნის განვითარება არ უნდა გადაჰყვეს. მისი თქმით, ქვეყანა ეკონომიკის გასაძლიერებლად და გასაერთიანებლად თავისი ლოგიკით უნდა განვითარდეს.
„ამის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, რომ ევროკავშირის წევრობის იდეით აჟიტირებულებმა კისერი წავიტეხოთ, როგორც ამას ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა აკეთებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.









