პოლიტიკა

ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა

ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის განცხადებას, რომელიც მან საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გააკეთა. ე.წ. უწყების განცხადებით, ცნებების აღრევა და ტერიტორიული პრეტენზიების რელიგიური ლოზუნგებით შენიღბვის მცდელობები რეალობას ვერანაირად ვერ ცვლის.

სიმპოზიუმზე პატრიარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა. მისი თქმით, საქართველოს ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. შიო III-მ განაცხადა: „დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა, განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენით და სიყვარულით დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული“.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „უძველეს ისტორიულ მიწებზე“ გაკეთებული განცხადებები და მოწოდებები, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს „შეუერთდეს“, რწმენისა და ძმობის შესახებ ჩვეულ მსჯელობაში არის შეფუთული. მათივე შეფასებით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალი, სულიერი შეფუთვით.

უწყება აღნიშნავს, რომ ქართველი სასულიერო პირები და პოლიტიკური მოღვაწეები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მიმართებით არაკორექტულ ტერმინოლოგიას იყენებენ და მას დამამცირებელი ტერმინით, „ცხინვალის რეგიონით“ მოიხსენიებენ. მათი მტკიცებით, საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების დოკუმენტებში სამხრეთ ოსეთი თავისი „ფაქტობრივი სახელწოდებით არის მოხსენიებული“, რასაც უფლებამოსილი ქართველი პოლიტიკოსებიც აწერენ ხელს.

განცხადებაში ნათქვამია: „თეზისი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში საქართველოს ე.წ. უძველესი ისტორიული მიწების შესახებ ცალკე უნდა განვიხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს“.

ე.წ. უწყების მტკიცებით, საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა „ძმური ერთიანობისა და სიყვარულის აღდგენის“ იმედი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ტანჯვის ხსენების გარეშე გამოთქვა. მათივე თქმით, პატრიარქს არ გამოუხატავს სინანული ოსი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო.

განცხადებაში ასევე წერია: „სამხრეთ ოსეთში კარგად ახსოვთ, რამდენი მწუხარება მოუტანა საქართველოს ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა 1920-იან წლებში, 1989–1992 წლებში და 2008 წელს. აშკარა ფაქტების იგნორირების ფონზე ასეთი „კეთილი განზრახვები“ ჩვენი რესპუბლიკისთვის მიუღებელია“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ