პაპუაშვილი: სურს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებში მიიღონ მონაწილეობა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ისურვებდა, ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებში, რათა ქართველმა ხალხმა პირდაპირ იხილოს მათი „მოღალატეობრივი საქმიანობის მხილება“. განცხადება მან ჟურნალისტებს პარტიების აკრძალვის პროცესთან დაკავშირებულ სარჩელზე გააკეთა.
პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს „ქართული ოცნების“ არგუმენტს, რომლითაც მმართველი პარტია ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს.
„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, კონსტიტუციას ღალატობს და იციან, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას ეხება? ამიტომ, მე ვისურვებდი, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა პირდაპირ იხილოს მათი მოღალატეობრივი საქმიანობის მხილება საკონსტიტუციო სასამართლოში. მნიშვნელოვანია თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპის სრულად ამოქმედება იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს იმ პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც ექსტრემიზმით, რადიკალიზმით, არჩევნების უარყოფით ცდილობენ საქართველოს არევას, მის დაბრუნებას 1990-იან წლებში. პროცესები წინ არის, ჩვენ, ჩვენს არგუმენტებს წარვადგენთ და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ლელოს“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც პარტია პროცესზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას ითხოვს, პაპუაშვილმა თქვა, რომ ამით „პატრონებს ეფარებიან“.
„გასაგებია, ისევ თავიანთ პატრონებთან მიდიან, რომ მათ შეეფარონ, გასაგებია!. სად არის, დღეს, „ლელოს“ თავმჯდომარე, ხაზარაძე? უცხოეთში. სად არის გახარია? უცხოეთში. სად არის ვაშაძე? უცხოეთში. ყველა არის არ საკუთარ სამშობლოში, არამედ არიან საკუთარ პატრონების მფარველობის ქვეშ. საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? უცხოეთში. ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რომელსაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, როდესაც ჩვენს თვალწინ უცხოური აგენტურა დაკავებული იყო საქართველოში ქართველი ხალხის ნების ჩანაცვლებით უცხო ხალხის და ხელისუფლებების ნებით. ამ ყველაფერს ვითმენდით და იმიტომ, რომ იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან საქართველოზე და არ იყო ის რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი, როგორც ამას აკეთებს „ლელო“, გვარამია, თუ სხვები, რომლებიც უცხო ქვეყნების მტრულ დღის წესრიგს ატარებენ საქართველოში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 21 ოქტომბერს იწყებს. მოსარჩელე მხარე „ქართული ოცნებაა“.









