პოლიტიკა

კასისი: ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ფართო კონსენსუსით უნდა შეირჩეს

კასისი: ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ფართო კონსენსუსით უნდა შეირჩეს

ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი აცხადებს, რომ ორგანიზაციის 57 მონაწილე სახელმწიფომ ფართო კონსენსუსით უნდა გადაწყვიტოს, ვინ უხელმძღვანელებს ეუთოს მომავალ წელს. ამავდროულად, მათი თქმით, მიმდინარეობს მომდევნო, 2028 წლის კანდიდატურის შერჩევაც. კასისმა ეს თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კასისის თქმით, მისი სურვილია, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკითხის გადაწყვეტის ყველა შესაძლო გზა მოინახოს. მისივე განმარტებით, საკითხზე ამ კვირაში, მათ შორის დღესაც, ვრცლად ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ გადაწყვეტის გზების ძიებას რამდენიმე კვირა გააგრძელებენ.

„წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება გადაუდებლობის განცდა. [...] ამის შემდეგ საჭირო იქნება იმ მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც ორგანიზაციის ფინანსური უზრუნველყოფისთვის გვაქვს გათვალისწინებული. მიზანია, ნოემბრის ბოლომდე მივაგნოთ გამოსავალს, რათა ტალინში, ესტონეთის კონფერენციაზე, დაფინანსების საკითხი დღის წესრიგში აღარ იდგეს“, - განაცხადა კასისმა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ სურვილია და შედეგის გარანტიას ვერ იძლევა, თუმცა იმედი აქვს, რომ ორგანიზაციის ყველა მონაწილე სახელმწიფო დაეხმარება გადაწყვეტის გამონახვაში. კასისმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია სამმხრივი ფორმატის პროცესი (tri-cut process), რაც ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების ჩართულობას გულისხმობს და სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ