პოლიტიკა

კობახიძე: პარტიების აკრძალვის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს

კობახიძე: პარტიების აკრძალვის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გადაწყდეს. მისი თქმით, ხელისუფლება ამ პარტიებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს მათი განცხადებების, ქმედებების, წარსულის, აწმყოსა და სამომავლო გეგმების გამო. საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის განხილვას იწყებს.

კობახიძემ გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, რომ „დღეს საერთაშორისო მეგობრებს დახმარებისთვის მიმართეს“. პრემიერის თქმით, ოპოზიციას სჯობს, საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმირებაზე იზრუნოს და არა „საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებზე“.

„მე მათ ადგილას ვიქნებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმირებაზე. მათ საკუთარი თავი უნდა დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს და იმ სარჩელის წინაშე, რომელიც არის სასამართლოში წარდგენილი. მათ უნდა მოამზადონ არგუმენტები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვთ არგუმენტები და არ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი არგუმენტების იმედი, მიმართავენ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ მიმართავენ საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სარჩელში ძალიან მარტივი საკითხია დასმული: ეს პოლიტიკური პარტიები არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. პრემიერის შეფასებით, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი: ან ისინი არიან მართლები, ან ვინც ამას ამბობს, უხეშად უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას. კობახიძემ დასძინა, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სარჩელს წარადგენს.

კობახიძემ განაცხადა, რომ ეს პარტიები თავიანთ არაკონსტიტუციურობაზე წლების განმავლობაში ღიად საუბრობდნენ და ყოველი ქმედებითა და განცხადებით ადასტურებდნენ მას. მისი თქმით, ამიტომ მათ არგუმენტები არ აქვთ და ახლა არგუმენტების გარეშე მოუწევთ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგომა.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი სარჩელის პარალელურად ქუჩის აქციებს აანონსებს, პრემიერმა თქვა, რომ ამ ძალებს არსად აქვთ შანსი.

„ამ ძალებს არსად აქვთ შანსი - არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან და ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე, რამდენი რამეც დააანონსეს, ხელი მოეცარათ, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი - ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და მეორე - არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის, სახელმწიფოს, საკუთარი ქვეყნის წინაშე“, - თქვა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ეს პარტიები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს შეჰყურებდნენ, თუმცა ისინიც ვერ ეხმარებიან. კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია სასოწარკვეთილებაშია და ახალ გეგმებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებებს აკეთებს, ეს გეგმები კი სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ