პოლიტიკა

კასისი ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ ლუგანოში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე მიიწვევს

კასისი ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ ლუგანოში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე მიიწვევს

ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იგნასიო კასისმა საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს რამდენიმე კვირაში ლუგანოში გამართულ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მიიწვია. განცხადება მან ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კასისმა ბოჭორიშვილს მიმართა: „საგარეო საქმეთა მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ლუგანოში, რამდენიმე კვირის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელით და მოგესალმებით ლუგანოში ისე თბილად, როგორც თქვენ მიმიღეთ დღეს“.

მისი თქმით, დღევანდელი საუბრის თემა პროგრესის მიღწევა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა იყო. კასისმა აღნიშნა, რომ დღეს მოგვიანებით პრემიერ ირაკლი კობახიძესაც შეხვდება.

ეუთო-ს თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველოსა და შვეიცარიას საერთო მეგობრობისა და ორმხრივი ნდობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. მისი თქმით, მომავალ წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 35 წელი სრულდება, რაც პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია. კასისის განცხადებით, ქვეყნებს ათწლეულების განმავლობაში ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები აქვთ, ხალხებს შორისაც მრავალი კავშირი დამყარდა.

კასისმა ვაჭრობა ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად დაასახელა. მისი ინფორმაციით, საქართველოს ექსპორტმა შვეიცარიაში 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა, შვეიცარიის ექსპორტმა კი 190 მილიონს მიაღწია. მისივე შეფასებით, ეს უზარმაზარი ციფრები არ არის, თუმცა არსებული კავშირების გასაღრმავებლად და ქვეყნების კიდევ უფრო დასაახლოებლად დიდ პოტენციალს ხედავს.

მეორე ელემენტად კასისმა ნდობა დაასახელა და თქვა, რომ ის ურთიერთობის ცენტრშია. ნდობის ერთ-ერთ კონკრეტულ გამოხატულებად მან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესების წარმომადგენლობაში შვეიცარიის როლი მოიხსენია. კასისის თქმით, ეს პასუხისმგებლობა შვეიცარიამ 2009 წლიდან აიღო და მრავალი წელია ის ორ ქვეყანას შორის ნდობას ასახავს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ