კობახიძე COP17-ზე: ტყის აღდგენა 7 000 ჰექტარზე მეტზე განხორციელდა, 2030 წლისთვის მიზანი 20 000 ჰექტარია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა. მისი თქმით, 2030 წლისთვის მიზანია მსგავსი სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰექტარზე ჩატარდეს.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის საქმიანობა მხოლოდ დაცული ტერიტორიებით არ შემოიფარგლება. მისივე თქმით, მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებითაც.
პრემიერის განმარტებით, საქართველოსთვის ბიომრავალფეროვნება განუყოფლად არის დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, კულტურულ იდენტობასა და სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებთან. მან განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, გამოირჩევა მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორიით, რაც არქეოლოგიური მტკიცებულებებით დასტურდება. მისი თქმით, ქვეყანა გამორჩეულია ვაზის 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშით და ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი მეთოდით, რომელიც იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.
კობახიძემ ხორბლის მოყვანის უძველეს ტრადიციასაც გაუსვა ხაზი: მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოში გვხვდება, მათ შორის ხუთი ენდემურია. ქართული ხორბლის კულტურა 2025 წელს იუნესკომ აღიარა.
პრემიერმა თქვა, რომ საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობა კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. მისი განმარტებით, ჯანსაღი ეკოსისტემები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვას, იზიდავს ვიზიტორებს და მცირე ბიზნესს განვითარების შესაძლებლობებს უქმნის. „შესაბამისად, მათი დაცვა მხოლოდ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა კი არ არის, არამედ ინვესტიციაა ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და გრძელვადიან კეთილდღეობაში“, - აღნიშნა მან.
კობახიძის თქმით, ბიომრავალფეროვნების ეფექტიანი და მდგრადი დაცვისთვის აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, რესურსების მობილიზება და გამოცდილების გაზიარება. მან დასძინა, რომ რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად საერთაშორისო პარტნიორობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბუნების დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნაში.
„2030 წლის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში გლობალურად აღებული ვალდებულებების კონკრეტულ და გრძელვადიან მიღწევებად გარდაქმნა. ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს მიზნების მისაღწევად და ახალი იმპულსი მივცეთ მათ განხორციელებას. საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.









