პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა

კობახიძე: 2026 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს ინარჩუნებს. მისი თქმით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკმა ახლახან საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7 პროცენტამდე გაზარდა. ამავე ორგანიზაციის პროგნოზით, 2026–2028 წლებში საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს.

კობახიძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს.

„ჩვენი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს, რომელთა საარსებო წყაროები უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, დაცულ ტერიტორიებს, ტყის აღდგენასა და მდგრად ტურიზმს ადგილობრივი განვითარების მამოძრავებელ ძალად ვაქცევთ, რათა ბუნების დაცვამ სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები შექმნას არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ მათ ფარგლებს გარეთაც“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გრძელვადიანი შედეგების მიღწევა საზღვრებს მიღმა თანამშრომლობასაც მოითხოვს. სამხრეთ კავკასიაში საერთო ეკოსისტემები რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის, საქართველო კი მზად არის, მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიცვას საერთო ბუნებრივი მემკვიდრეობა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ