პოლიტიკა

გია ჯაფარიძე: პარტიების აკრძალვა საქართველოს დესუვერენიზაციის გეგმის ნაწილია

გია ჯაფარიძე: პარტიების აკრძალვა საქართველოს დესუვერენიზაციის გეგმის ნაწილია

დიპლომატი გია ჯაფარიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალ სტუდიაში“ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს აფასებს, სადაც პარტიების აკრძალვის სარჩელი უნდა განიხილონ. მისი თქმით, სიტყვებით ვერ აღწერს იმ პერსპექტივას, რომელიც ქვეყანას ემუქრება და ეს ქვეყნისა და ხალხის მომავლის დამარხვის ბოლო, ან ბოლოს წინა რგოლია.

ჯაფარიძის განმარტებით, პარტიების აკრძალვის დაგეგმილი პროცესი და რუსეთის მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან „საზღვრის“ დადგენის შესახებ ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მისი აზრით, სწორედ რუსეთს სურს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს.

დიპლომატი თვლის, რომ სარჩელი მხოლოდ დასაწყისია, მის უკან კი საქართველოს დესუვერენიზაციისა და ერთპარტიულ დიქტატურად ქცევის გეგმა დგას. მისი შეფასებით, ეს ქვეყანას ევროპულ მომავალს წაართმევს და ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანს. ჯაფარიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივები საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და აჩქარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების პროცესს რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე.

მისი თქმით, საზოგადოებას მოსალოდნელი იზოლაციის, უვიზო მიმოსვლის გაუქმებისა და ჩრდილოეთ კორეის ტიპის რეჟიმის დამყარების საფრთხე ემუქრება.

„ხალხი არის ისეთ ძილს მიცემული, რომ მგონი, ვერ ხვდებიან, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მომავალს უკლავს ძალიან დიდი ხნით. ახალი წლიდან „ქართული ოცნება“ რომც არ იყოს მმართველობაში, ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელი, რომ დავბრუნდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილად“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, სარჩელში გამოყენებულია წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომელსაც ის აბსურდულად მიიჩნევს. ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების დაჩქარებული პროცედურები დაიწყება.

ევროკავშირზე საუბრისას ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ გაწევრიანებისთვის ქვეყანამ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორის პოლიტიკურ კრიტერიუმებს: დემოკრატია, ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, რეგულარული არჩევნები და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენცია. მისი თქმით, ერთპარტიული დიქტატურის დამყარების შემთხვევაში საქართველო ევროპას იმდენად მოწყდება, რომ თავისუფალ ვაჭრობას, ასოცირების შეთანხმებასა და უვიზო მიმოსვლას დაკარგავს.

დასავლეთის რეაქციაზე ჯაფარიძემ თქვა, რომ პარტნიორები ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ რეალურ საფრთხეს, ხოლო ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა უნგრეთის პოზიციას ამოფარებული ბლოკავდა პერსონალურ სანქციებს. მისი თქმით, ვიქტორ ორბანის მთავრობა აღარ არსებობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პერსონალურ სანქციებს სხვა სახელმწიფოებიც ეწინააღმდეგებიან. მან სამარცხვინოდ მიიჩნია ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია.

ჯაფარიძის თქმით, თუ ევროკავშირი ფინანსურ სანქციებს, მაგალითად ეროვნული ბანკის მიმართ, გამოიყენებს, საქართველოს შესაძლოა 90-იანი წლების მსგავსი ეკონომიკური კოლაფსი დაემართოს. მან დასძინა, რომ ბოლო პროცესები ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას რეალობის აღიარებას აიძულებს.

ჯაფარიძემ ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა: „გამოფხიზლდით, გვარუსებენ, ყველაფერს ვკარგავთ“. მისი თქმით, ახლა შესაძლოა ბოლო ფაზაში ვართ, მაგრამ შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ