გოგიჩაიშვილი: „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვით ლეგიტიმურობის სივრციდან გადის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე რაღაც ხდება და „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებს. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ისაუბრა.
გოგიჩაიშვილის თქმით, მმართველი პარტია ბოლო გადაწყვეტილებებით ლეგიტიმურობის სივრციდან აბსოლუტურად გადის. მისივე განმარტებით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის კლასიკური მორღვევა მიმდინარეობს, რომლის მიზანია მოქალაქეებისთვის საკუთარი უფლებების დაცვის ყველა შესაძლო სივრცის განადგურება.
„ეს პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შეუძლია პატრიარქის დაკრძალვიდან ფული მოიპაროს, ყველაფრის უფლებას მისცემს თავის თავს, კონსტიტუციური გადატრიალების ჩათვლით“, - განაცხადა მან.
გოგიჩაიშვილის შეფასებით, საქმე მათი პარტიის აკრძალვაში არ არის: ეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დაასუსტებს, კონსტიტუციურ წესრიგს მოშლის და ქვეყანას მეზობლებისა და არაკეთილმოსურნეებისთვის მოწყვლადს გახდის. მისი თქმით, პარტიების აკრძალვას იმისთვის აკეთებენ, რომ სიმართლე არ უთხრან ხალხს, მათ შორის იმის შესახებ, რომ ტენდერებიდან, ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან, ჯარისა და პოლიციელების კვებიდან იპარავენ. მან „ქოლ-ცენტრებიც“ ახსენა და თქვა, რომ ათასობით ახალგაზრდაა თაღლითურ სქემაში ჩართული, ხოლო ევროპის ქვეყნების პენსიონერებისგან ასეულობით მილიონ ლარს იპარავენ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შეაფასა დავით ოქიტაშვილის ფეისბუქპოსტი, რომელშიც ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრ თინათინ რუხაძეს რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს, პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს და სუს-ის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს რუხაძის მფარველობაში ადანაშაულებს. გოგიჩაიშვილმა ისაუბრა ამ პოსტზე „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი სამხარაძის „ლაიქზეც“ და თქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ ამ ხალხს მორალი საერთოდ არ გააჩნია.
მან შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომ მისი პრემიერობის დროს კორუფციული ფაქტები არ დაფიქსირებულა. გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ კობახიძის პრემიერობისას პატრიარქის დაკრძალვის ფული მოიპარეს და ჰკითხა, ეს აღმაშფოთებელი ფაქტი არ არის თუ არა.
გოგიჩაიშვილმა კომენტარი გააკეთა უმრავლესობის 17 ოქტომბერს ჩანიშნულ სხდომაზეც, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. მისი აზრით, შეკრება ივანიშვილის ირგვლივ სადემონსტრაციოდ მოეწყობა, თითქოს ქვეყანაში არაფერი ცუდი ხდება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იმდენად გახრწნილი ორგანიზმია, რომ პარტიის ჩამოშლა მათთვისაც და ქვეყნისთვისაც დიდი პრობლემა იქნება. გოგიჩაიშვილის შეფასებით, ეს ორგანიზაცია ქვეყნის ცხოვრებაში იმხელა იარას დატოვებს, რომ მისგან თავის დასაღწევად შესაძლოა ათ წელზე მეტი დასჭირდეს.









