ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას ითხოვს

პატიმრობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს.
ხაბეიშვილი წერს: „კატეგორიულად მოვითხოვ მოხდეს ჩემი ბადრაგირება ბათუმში და მომეცეს შესაძლებლობა, როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია“. მისივე სიტყვებით, პროცესზე „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს“.
ხაბეიშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების პარალელურად ბათუმში საპროტესტო აქციებიც გაიმართება. ის მხარს უჭერს 25 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასაც.
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობით, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს, თუმცა პროცესები 21, 22 და 23 ოქტომბერს დაინიშნა.
სარჩელით „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. მათ შორისაა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტ სანდრო ბარამიძის თქმით, თუ ოპოზიცია სხდომებს არ დაესწრება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრების შესაძლებლობას ეჭვქვეშ დააყენებს.
ბარამიძე განმარტავს: „სუბსიდიარობისა და შიდა სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის პრინციპი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო მკაცრად მისდევს, გულისხმობს, რომ შიდა სასამართლოებში მკაფიოდ უნდა გაახმოვანო ყველა ის პოზიცია, რომელსაც მერე სტრასბურგში დაიცავ. თუ არ დაესწრები, პოზიციას ვერ დააფიქსირებ და, შესაბამისად, საკუთარ თავს დააყენებ დიდი რისკის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლო შენს საჩივარს დაუშვებლად ცნობს“.









