პაპუაშვილი რომში უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშორისო სტანდარტის შექმნას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების გამჭვირვალობისა და რეგულირების საერთაშორისო სტანდარტი. ამის შესახებ მან რომში, ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დემოკრატიული მედეგობა ერთი მარტივი ჭეშმარიტებით იწყება: დემოკრატია, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე ან არ მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ნებისმიერი საფრთხის გამოჩენამდე უკვე სუსტ პოზიციაში იმყოფება.
მისი შეფასებით, ფარული უცხოური დაფინანსება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის ხშირად დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის ყველაზე ნაკლებად ხილული და ყველაზე დამაზიანებელი საშუალებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა კი არა, პირიქით, მათი დაცვის საშუალებაა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც გარე აქტორები კონკრეტულ შიდა პოლიტიკურ ძალებს აფინანსებენ, ისინი არსებულ განსხვავებებს აღრმავებენ და ჩვეულებრივ პოლიტიკურ განხილვას საკუთარი სასურველი ხედვის გატარებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების იარაღად აქცევენ.
„ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, კიბერშეტევა, ფარული დაფინანსება და უცხოური ჩარევა, იშვიათად მოქმედებს ცალ ცალკე. ისინი ერთმანეთს აძლიერებს; მათ მიზანში ჰყავთ ამოღებული ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების სანდოობა“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ამ ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მძიმე შედეგების მომტანია უცხოური ინფორმაციული მანიპულაცია და ჩარევა (FIMI). ის, როგორც წესი, კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიების სახით გვევლინება, რომლებიც განსაკუთრებით არჩევნების ან პოლიტიკური არასტაბილურობის დროს აქტიურდება.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ორი წლის წინ, არჩევნებზე ყველაზე თანამედროვე ტექნიკური თავდაცვითი მექანიზმების არსებობის მიუხედავად, დეზინფორმაციამ და საარჩევნო დარღვევების შესახებ ცრუ ბრალდებებმა პოლარიზაცია გააღრმავა და არჩევნების საკითხის გარშემო არეულობას შეუწყო ხელი. მისი თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული ზოგიერთი ჯგუფი საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას ცდილობდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოთა მზარდი რაოდენობა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ოდესღაც სხვაგან ამგვარ კანონმდებლობას აკრიტიკებდნენ, ახლა თავად უპირისპირდება ამ რისკებს. მისი თქმით, ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და მრავალი სხვა ქვეყანა ამკაცრებს გამჭვირვალობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობას.
„პრინციპი ასეთია: ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულ მთავრობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ფულისა და გავლენის შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ხვდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ჩარევა იშვიათად არის ცალმხრივი. „ბევრი სახელმწიფო, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის რღვევას გმობენ, ამავდროულად სხვა ქვეყნების შიდა საქმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. ეროვნული პარლამენტები ამ გამოწვევას იზოლირებულად არ უნდა უმკლავდებოდნენ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროპის საბჭოს ბოლოდროინდელი საქმიანობა, მათ შორის უცხოური ჩარევის შესახებ რეზოლუცია და დემოკრატიისა და არჩევნების დაცვის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიები, უკვე ქმნის კარგ საფუძველს.
პაპუაშვილის შეფასებით, უცხოური ჩარევა სახიფათოა სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, მიუხედავად იმისა, მტრული თუ არამტრული აქტორის მიერ ხორციელდება. „უცხოური ჩარევა თავისთავად მტრული ქმედებაა, რადგან მისი მიზანი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაა. შესაბამისად, იგი მტრულ ქმედებად რჩება, იმის მიუხედავად, მტრისგან მომდინარეობს თუ მეგობრისგან“, - თქვა მან.
მისი თქმით, ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის ერთადერთი გზა საერთო საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაა. ასეთი სტანდარტი სუვერენიტეტს, ანგარიშვალდებულებასა და თანხმობას უნდა დაეფუძნოს.
„მხოლოდ მედეგი და ანგარიშვალდებული დემოკრატიები, რომლებიც საერთო წესებით მოქმედებენ, შეძლებენ ჰიბრიდულ საფრთხეებთან სათანადო გამკლავებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









