პოლიტიკა

წერეთელი: პარტიების აკრძალვა ირიბად „ევროპულ საქართველოსაც“ ეხება

წერეთელი: პარტიების აკრძალვა ირიბად „ევროპულ საქართველოსაც“ ეხება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვა ირიბად მათ პარტიასაც ეხება, რადგან ის „კოალიცია ცვლილებებში“ შემავალი პარტიაა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ შემდეგი ეტაპი იმ პარტიებს შეეხოს, რომლებიც კოალიციების შემადგენელი ნაწილები იყვნენ, ან იმ ინდივიდებს, ვინც პოლიტიკურად აქტიურები არიან. წერეთელმა ეს იმ შეკითხვას უპასუხა, რომ საკონსტიტუციო სარჩელში ასაკრძალ ოპოზიციურ პარტიებს შორის „ევროპული საქართველო“ დასახელებული არ არის.

„ის, რომ რამდენიმე პარტია სახელდება [აკრძალვისთვის], ძირითადად საარჩევნო სუბიექტებზეა ლაპარაკი, „ევროპული საქართველო“ ცალკე საარჩევნო სუბიექტი არ ყოფილა, მაგრამ ის იყო კოალიციაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ეს გვეხება, შეიძლება ირიბად და გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ შემდეგი ეტაპი სწორედ დადგეს იმ პარტიებისა, რომლებიც კოალიციების შემადგენელი ნაწილები იყო ან ინდივიდებისთვის, ვინც პოლიტიკურად აქტიურები არიან, მონაწილეობდნენ არჩევნებში, ღიად არიან ოპოზიციურ ველზე და ფრონტზე. ამიტომ, ერთის მხრივ, პარტიებს შორის ეს ჩამონათვალი თითქოს მცირეა და გარეთ მოსასმენი ყურისთვის მხოლოდ 5 პარტიაზეა ლაპარაკი, სინამდვილეში ეს შეეხება ყველას. საბოლოო ჯამში, თავისი შედეგით ეს ეხება ყველა მოქალაქეს“, - განაცხადა წერეთელმა.

მან ისაუბრა „ოპოზიციური ალიანსის“ ბრიფინგზეც, სადაც 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიის დაწყება გამოაცხადეს. წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ „ყველა ის პარტია და პოლიტიკური სუბიექტი, მათ შორის ლიდერებიც გახდებიან ამ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი კამპანიის ნაწილი“.

„გვართმევენ დემოკრატიულ მომავალს. იმ მომავალს გვართმევენ, სადაც ყველა თაობას შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ, როგორც ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ ამას წინ ეღობება ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ “ქართული ოცნების” მხრიდან. ამიტომ ეს გამოცხადებაც, ეს ანონსიც და ეს კამპანიაც არ არის მხოლოდ „ოპოზიციის ალიანსის”. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ დღეს აქ. ეს არის ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა თუ სუბიექტის, ბუნებრივია პირველ რიგში მათი ვინც არჩევნებში მონაწილეობდა. ყველასი ვისაც მიაჩნია, რომ თავისუფალი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის“, - განაცხადა წერეთელმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ