კალანდაძე: ოპოზიციის აკრძალვის შემდეგ თეორიულ დემოკრატიაზე საუბარიც შეუძლებელია

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და „ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვა მოულოდნელი ნაბიჯი არ ყოფილა და ეს უშუალოდ ივანიშვილის კი არა, რუსეთის პირდაპირ ინტერესშია. ამით მან გამოხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვის დაწყებას.
კალანდაძის შეფასებით, რუსეთი ცდილობს, მკაფიო ხაზი გაავლოს დასავლეთისა და რუსეთის გავლენებს შორის, ახლა კი ეს ხაზი საქართველოზე უნდა გავიდეს. მისი თქმით, ამისთვის მოსკოვს ბიძინა ივანიშვილი სჭირდება.
„ბიძინა ივანიშვილს ასპარეზზე გამოჩენის პირველივე დღიდან ვთვლიდი, რომ ის რუსული პროექტი იყო არა იმ გაგებით, რომ ვინმე საკუთარ პოლიტიკას გაატარებდა რუსულ ინტერესებთან თანხვედრაში, არამედ იმ გაგებით, რომ ის იქნებოდა მოსკოვიდან მართული. 14 წლის განმავლობაში ამ მოსაზრებაში ეჭვი არ შემიტანია“, - განაცხადა მან.
კალანდაძის თქმით, საუბარია დეკლარირებულად პროდასავლურ პარტიებზე, ამიტომ ივანიშვილი არა მხოლოდ ოპონენტებს კრძალავს, არამედ პროდასავლურ ნიშასაც აუქმებს და ამომრჩეველს პროდასავლური იდეოლოგიის წარმომადგენლობის შესაძლებლობას არ უტოვებს. მისი განმარტებით, პრაქტიკულად საქართველოში ივანიშვილის პირობებში დიდი ხანია არჩევნები აღარ ტარდება, 2022 წლის შემდეგ კი, რაც რუსეთმა რეგიონში ძალების სრულმასშტაბიანი კონსოლიდაცია დაიწყო, არჩევნებზე საუბარი საერთოდ აღარ ყოფილა.
მისი შეფასებით, საქართველოს ისტორიიდან ევროპულობასთან დაკავშირებული ნაწილის ამოღება, ისტორიის სახელმძღვანელოების შეცვლა და იმ მონოპოლიზებული პოლიტიკის შემუშავება, თუ ვინ გააკონტროლებს ისტორიას, თბილისში შექმნილი სტრატეგია არ არის. კალანდაძე აცხადებს, რომ ეს კრემლის სტრატეგიაა, რომელიც უნდა გავრცელდეს პოსტსაბჭოთა სივრცესა და იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს გავლენის სფეროში დაბრუნება და დასავლეთისგან მთლიანად ჩამოშორება სურს.
კალანდაძემ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მკვდარად შეაფასა. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ვერ განვითარდება იქ, სადაც ადამიანი კამპანიას „ტიტუშკების“ გარეშე ვერ ატარებს, ლიდერები ციხეში ან დევნილობაში არიან, პოლიტიკური მძიმეწონიანი მოთამაშეები განეიტრალებულები არიან, მედიაზე წვდომა უკიდურესად შეზღუდულია და ფინანსებზე წვდომა არ არის.
ევროკავშირთან ურთიერთობაზე მოსალოდნელი გავლენის შესახებ კალანდაძემ თქვა: „პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა ის წითელი ხაზია, რომლის შემდეგაც თეორიულ დემოკრატიაზე საუბარიც კი შეუძლებელია. დემოკრატიული ჩარჩო უქმდება, რაც ნიშნავს, რომ მყარდება ერთპარტიული მმართველობა“. მისი თქმით, ამ ნაბიჯით ფორმალიზდება და დეკლარირდება ისეთი არჩევნები, როგორიც სხვა დიქტატორულ სახელმწიფოებში ტარდება.
მისი განმარტებით, საქართველო, მიუხედავად კანდიდატის სტატუსისა, 2024 წლის შემდეგ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი აღარ არის, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამას არსებითი გავლენა ვერ ექნება. კალანდაძეს მიაჩნია, რომ ივანიშვილის პირობებში საქართველოს ფორმალურად სხვა ეტაპზე გადაყვანა არც განიხილება. ის ამბობს, რომ აუდიტორია, რომელსაც პუტინი ივანიშვილის ენით ესაუბრება, არის მოსკოვი და საერთაშორისო საზოგადოება.
კალანდაძის თქმით, ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლიდანვე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე, ანუ იმ იდეის გაუქმებაზე, რასაც ის განასახიერებდა: დასავლურ რეფორმებზე, პროევროპულ ინტეგრაციაზე, დასავლურ კურსსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სტრატეგიაზე. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ხდება იმ პერიოდისა და სუბიექტების აგრესიული დემონიზაცია.
კალანდაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება დასავლეთის რეაგირების გარეშე არ დარჩება და ივანიშვილთან ურთიერთობებიც გამწვავდება. „საქართველოსთან ურთიერთობები არ გაუმჯობესდება, დიალოგის აღდგენის პერსპექტივა კიდევ უფრო გაუარესდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ევროპული ინსტიტუტები ულმობლები იქნებიან, რადგან ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც, ივანიშვილის დავალების მიუხედავად, ინდივიდუალურად იღებს ყველა მოსამართლე. მაღალი ალბათობით, მოსამართლეების ეს ნაწილი სანქცირებული მოსამართლეების რიცხვს დაემატება“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, დასავლეთთან ურთიერთობის პროცესები გაყინულია და რაც უფრო მაღალ ხარისხში გადავა ავტორიტარული კონსოლიდაცია, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ დასავლეთში საქართველოსთან მიმართებით ეკონომიკური ინტერესი გაჩნდეს.
კალანდაძემ ისიც თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ პატიმრებსა და პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები დასავლეთთან ვაჭრობისთვის სჭირდებოდა. მისი შეფასებით, ამაზე მეტყველებს ის, რომ მმართველმა პარტიამ დაანონსებული აკრძალვა გარკვეული პერიოდით გადაავადა და დასავლეთთან დიალოგისთვის სივრცე დაიტოვა. კალანდაძის თქმით, დასავლეთი მზად იყო გარკვეული ტიპის დიალოგზე წამოსულიყო, მაგრამ არა იმ საკითხებში და იმ ფორმით, რაც ივანიშვილს უნდოდა.
მისი განცხადებით, ივანიშვილი მოლაპარაკებებში თავის ფულზე, გაყინულ ანგარიშებსა და ქონების დაბრუნებაზე აყენებს საკითხს და ქვეყნის ინტერესებით თავისი პირადი და ფინანსური ინტერესებისთვის ვაჭრობს. კალანდაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირისთვის წითელი ხაზია 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა და ხელისუფლებაში მყოფი ძალის ლეგიტიმურად გამოცხადება, ამაზე კი დასავლეთი არ მოდის.









