პოლიტიკა

ფარულავა: პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება

ფარულავა: პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ თუ რამე ფსკერი არსებობს, „ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ალბათ ყველა დონეზე დაეშვა და პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება. ამით მან „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ფარულავას თქმით, სფერო არ დარჩა, საიდანაც „ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა კორუფციული გზებით თანხები არ მიითვისა.

„რა ცნობაც გავრცელდა, თუ რამე ფსკერი არსებობს, ალბათ, ყველა დონეზე დაეშვა ამ შემთხვევაში „ოცნების“ ეს სისტემა და პოლიტიკური გუნდი. რაზეც იყო უშუალოდ საუბარი, ეს ეხებოდა პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციულ გარიგებას. სფერო არ დარჩა, საიდანაც „ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა კორუფციული გზებით თანხები არ მიითვისა. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ თავდაცვის სამინისტროდან კორუფციული გარიგებებით მითვისეს თანხები. საბავშვო ბაღებში, ბავშვების საკვებისთვის განკუთვნილი თანხიდან კორუფციული გზით მიითვისეს თანხები, ასევე, უპოვართა სასადილოებიდან. ბაღები და სკოლები დაანგრიეს და არ აუშენებიათ იმიტომ რომ, ვერ აშენებენ, ასაშენებელი თანხები მითვისეს, გაინაწილეს პირადი კეთილდღეობისთვის, თუ პარტიული ინტერესებისთვის. შესაბამისად, სამწუხაროდ, ეს კონკრეტული ფაქტიც საზოგადოებას არ გაუკვირდება და ბუნებრივია, არც არავისთვის იქნება ეს ახალი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ მძიმე ფაქტით, მაგრამ დაველოდოთ, რა შედეგი იქნება ამ შემთხვევაში, ვნახავთ,“ - განაცხადა ფარულავამ.

დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს, მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვასა და რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ის პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს.

ოქიტაშვილის თქმით, რუხაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობას უზღუდავდა. ის ასევე ითხოვს პასუხს, ვინ დაავალა მინისტრს „ისტორიული პროექტის, ვარსკვლავების გახსნის წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის“ შეჩერება. განცხადებაში ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესაც ახსენებს და წერს, რომ რუხაძის სიტყვებით, მდინარაძეს „ოქიტაშვილი სძულს“ და არ უნდა გაეკარონ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ