ბესელია: ოქიტაშვილის მიმართვას პროკურატურის რეაქცია თუ მოჰყვა, ეს შეთანხმებულ სცენარს ნიშნავს

„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებლის, ეკა ბესელიას თქმით, „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის მიმართვა შემთხვევითი არ უნდა იყოს. თუ მას პროკურატურის მხრიდან საკითხის შესწავლის დაწყების შესახებ განცხადება მოჰყვება, ბესელიას შეფასებით, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს წინასწარ შეთანხმებული სცენარია. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
ბესელია ოქიტაშვილის „ფეისბუქ-პოსტს“ ეხმაურებოდა. პოსტში ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრ თინათინ რუხაძეს თავისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს.
ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებას პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მანამდეც შეეძლო, რადგან ამ საკითხზე ეჭვები და საჯარო განცხადებები არსებობდა.
„ზოგადად, ხელწერას უკვე ვიცნობთ, როგორ ხდება განცხადებების გაკეთება, განსაკუთრებით იმ დროს, იმ ვითარებაში და ისეთი ადამიანების მხრიდან, ვისაც გარკვეული ახლო კავშირები აქვს მმართველ გუნდთან“, - თქვა მან.
ბესელიას თქმით, რამდენიმე დღის წინ, როდესაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენების შესახებ ინფორმაცია გაჩნდა, მას ელოდა, რომ ამას გაგრძელება მოჰყვებოდა. მისი თქმით, ეს რიგითი თემა არ არის, რომ უბრალოდ გაჟღერდეს და მით დასრულდეს.
ბესელიამ დასძინა, რომ თუ ეს ყველაფერი დადასტურდება, ეს ალბათ ყველაზე მძიმე ისტორია იქნება. მისი თქმით, ინფორმაციისა და კითხვების გაჩენის შემდეგ საკითხი ასე ვერ დასრულდება და მისი გარკვევა მაინც დასჭირდება.
მისივე თქმით, საჯაროდ გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, გამოძიების დაწყების საფუძველია. ამიტომ ოქიტაშვილის მიმართვის გარეშეც, რადგან ფინანსური რესურსების არამიზნობრივად გამოყენების ეჭვი საჯაროდ უკვე გაჟღერდა, გამოძიება შეიძლებოდა დაწყებულიყო.









