ფარულავა: მანანა კობახიძემ უნდა განმარტოს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ახლა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი გიგა ფარულავა მიიჩნევს, რომ მანანა კობახიძის გადაწყვეტილება ნათლად მიანიშნებს, რომ „ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს დავალება მისცა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების დაანონსებას გამოეხმაურა.
ფარულავას თქმით, პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნებისთვის“ კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.
მისივე განცხადებით, მანანა კობახიძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და სურვილი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მკაფიოდ განმარტოს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სწორედ ახლა, რა დავალება აქვს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს და რა პროცესები განვითარდება ამის შემდეგ.
„დღევანდელი პოლიტიკური პროცესების დროს „ოცნების“ რეჟიმისგან არაფერი არ არის გამორიცხული. მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, რითაც განერიდა პროცესს, ნათლად მიანიშნებს, რომ „ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და დავალებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის“, - განაცხადა ფარულავამ.
დეპუტატის შეფასებით, პარტიების აკრძალვისთვის საკონსტიტუციო მექანიზმების გამოყენება მათთვის მიუღებელია. მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით უნდა დამარცხდეს.
ფარულავამ განაცხადა, რომ „ოცნებამ“ აირჩია გზა, რომელიც ფაქტობრივად აფორმებს დიქტატურას. მისივე თქმით, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად სარჩელში მათი პარტიაც არის დამატებული.
„ისინი აკანონებენ დიქტატურას, ეს ასევე ფაქტობრივად არჩევნების გაუქმებაა, შესაბამისად, ეს პროცესი იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი მათთვის“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.









