გვარამია: პარტიების გაუქმებას დაჩქარებული ტემპით მიჰყავთ ბოლომდე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ისეთია, როგორიც, მისი თქმით, ზოგადად რუსებს აქვთ. გვარამიას შეფასებით, ისინი შანსის მიცემასა და კომპრომისს ვერ ითვალისწინებენ და სისუსტედ მიიჩნევენ.
გვარამიას თქმით, პარტიების გაუქმება დაჩქარებული ტემპებით მიჰყავთ ბოლომდე. მისი განმარტებით, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებსა და ავტორიტარულ რეჟიმებს არ ესაუბრება და მმართველ გუნდს იანვრამდე სატესტო ვადა მისცა: გამოსწორების შემთხვევაში კომუნიკაცია აღდგება.
გვარამია აღნიშნავს, რომ ამას პირადად შეცდომად მიიჩნევს და ამის შესახებ თავის ევროპელ მეგობრებსაც უთხრა.
მისი თქმით, ხელისუფლება საბოტაჟის საქმესაც განაახლებს და პოლიტიკოსებსაც დააპატიმრებს. გვარამია ვარაუდობს, რომ საბოტაჟის საქმეზე განაჩენი შეიძლება უფრო ადრე დადგეს, რადგან პარტიების გაუქმებამდე „მოძალადე“ პოლიტიკოსები და პარტიები სჭირდებათ.
„არ ვიმკითხავებ, ჯერ რომელი იქნება, უბრალოდ ვივარაუდე, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ორივეს იზამენ და სხვა დანარჩენსაც, რომ იანვარში ქვეყანა კიდევ უფრო შორს იყოს სანუკვარი ისტორიული მიზნისგან - ევროკავშირისგან“, - აცხადებს ნიკა გვარამია.









