პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი: ოპოზიციური პარტიების აკრძალვას „ფედერალისტებისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს

ჩერგოლეიშვილი: ოპოზიციური პარტიების აკრძალვას „ფედერალისტებისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს

„ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ძლიერი პარტიები სჭირდება, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ცვლილების გამოწვევა.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ნებისმიერი, ვინც ამტკიცებს, რომ ახლა პარტიული დაქსაქსულობის დრო არ არის, „არის დელუზიური სულელი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქართულ საზოგადოებაში, რას ნიშნავს ლიდერობის კრიზისი და ვერც იმას ხვდება, რას ნიშნავს პარტია“. მისივე თქმით, პარტიების ძალა რეჟიმის აკრძალვებზე არ არის დამოკიდებული.

„პარტიების ძალა არის დამოკიდებული პარტიების სახალხო მხარდაჭერაზე, ამიტომ დიდი ბოდიში, რომ მხოლოდ სიხარული შემიძლია გამოვხატო რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურის მიმართ - რეჟიმის სისუსტის დემონსტრირებად ვიღებ და იმიტომ. არანაირი, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის“ ამ რეჟიმის მიერ ჩვენი პარტიის აკრძალვას“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

მისი განმარტებით, პროცესი, სადაც ასეთი რამ არათუ რეალურად ხდება, არამედ დაშვებაც კი შესაძლებელია, არ არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მოქალაქის ხმას წონა აქვს.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ასაკრძალი პარტიებიდან ოთხს, ანუ ყველას, „ფედერალისტების” გარდა 2024 წლის არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და რეჟიმისვე ბუღალტერიით, 800 ათს ხმაზე მეტი აქვთ აღებული, უფრო ცხადად დაინახავთ, რომ რეჟიმი მისივე დათვლილ 800 ათას ადამიანს უუქმებს არჩევანს და ართმევს ხმას“, - აღნიშნავს ის.

ჩერგოლეიშვილის თქმით, „ფედერალისტები“ ამ განუკითხაობის ლეგიტიმაციას და პოლიტიკურ პროცესად წარმოჩენას მათი პარტიის ასაკრძალთა სიაში დამატებამდეც არ აპირებდნენ. „ჩვენი გზა გადის ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე სახალხო მხარდაჭერით - მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ და თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე და ამ წინააღმდეგობის უკეთ ორგანიზებასა და გაფართოებაზე იქამდე, ვიდრე მოქალაქის ხმა რეჟიმის წასაქცევ წონას არ შეიძენს“, - წერს ის.

მისივე შეფასებით, ეს აუცილებლად მოხდება, როცა პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის ისეთი პოლიტიკური ცენტრი, რომლის ფოკუსშიც საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესებია.

„არანაირი! საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის“ რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი - რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ - ყველა ფრონტზე“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ