მათიკაშვილი: ვენეციის კომისია დაუსაბუთებელ დასკვნებს აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომისია საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებით დაუსაბუთებელ და ფაქტებზე დაუყრდნობელ დასკვნებს აკეთებს. მისი თქმით, ამით კომისია კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს ქართული კანონმდებლობის მიმართ.
ვენეციის კომისიამ დასკვნა „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონებში 2026 წლის მარტში შეტანილ ცვლილებებზე გამოაქვეყნა. კომისია მიიჩნევს, რომ ეს კანონები არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. შეფასებით, ამის ნაცვლად კანონები მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით, არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.
მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პარლამენტმა თავის დროზე მიიღო საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩარევის პრევენციას უზრუნველყოფს.
„ვენეციის კომისიის დასკვნებში არის ერთი და იგივე შინაარსის წიაღსვლები აბსოლუტურად უშინაარსო, რომელიც ფაქტებზე არ არის დაფუძნებული და მხოლოდ აღქმებით შესაბამის ანალიზს გულისხმობს. ეს ის კომისიაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დატოვა, სწორედ იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის საქმიანობა შეერთებული შტატების ინტერესებისთვის შეუსაბამოდ მიიჩნია. მთელი მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები იღებენ ადეკვატურ კანონმდებლობას, რაც გულისხმობს უცხო ჩარევის შეზღუდვას და პრევენციას, სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკის განხორციელებაში. სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მიერ ნაბიჯები და იქნა მიღებული ის საკანონმდებლო სივრცე, ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ჩარევის პრევენციას. ვენეციის კომისია აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე, აკეთებს მცდარ დასკვნებს, რომლითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.









