მანჯგალაძე ციხიდან: საპროცესო შეთანხმებაზე წასულებს მოღალატეებად ნუ გამოაცხადებთ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში საპროცესო შეთანხმებების გარშემო მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა. წერილს პრესსამსახური ავრცელებს.
მანჯგალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, მოღალატეებად არ გამოაცხადონ ისინი, ვინც საპროცესო შეთანხმებაზე წავიდა, რადგან არსებულ პირობებში ეს ადამიანების თავისუფალი არჩევანია. მისი თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს და ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მომავალში მათაც იგივე მიდგომა არ მიუბრუნდეთ.
წერილში ის წერს: „მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა, გამოვეხმაურო საპროცესო გარიგებებთან საჯარო სივრცეში გავრცელებულ რამდენიმე საკითხს: მესმის, დიდია ცდუნება ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, თუმცა, შეუმცდარები არცერთი არ ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელი ან განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს ავტომატურად ღალატს ან ვინმეს მოღალატედ გამოცხადების შესაძლებლობას; არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და ჩვენ უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა.“
მანჯგალაძე წერს: „არ ვთვლი, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანობაა ადამიანს დააბრალო დანაშაული, დააკავო უკანონოდ, შემდეგ ისეთი პირობები შეუქმნა რომ აღიაროს და მოინანიოს ის, რაც არ ჩაუდენია, ვგულისხმობ, ჩემს შემთხვევას, როცა მოსამართლემ პირდაპირ გადააკოპირა ბრალის აღწერისას ბრალდების მტკიცება, თითქოს 2025 წლის 4 ოქტომბერი დავაორგანიზე 2024 წლის ოქტომბერში, ანუ ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით. ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?“
პოლიტიკოსის შეფასებით, „ადრე გაცხადებულ, ნულოვან თანაგრძნობასთან შედარებით, რა თქმა უნდა, შესამჩნევია ხელისუფლების ნების ცვლილება, მაგრამ ადამიანს აღიარებინო ის, რაც არ ჩაუდენია, ვერ ჩაითვლება ჰუმანურობად“.
წერილს მანჯგალაძე ამ სიტყვებით ასრულებს: „იმედი მაქვს, გააცნობიერებენ გადაწყვეტილების მიმღებებიც, რომ მომავალში მათაც იგივე ცული არ მიეზღოთ, რითაც დღეს ჭრიან“.









