მენაბდე: „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად ერთი ხმა აკლია

კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ მანანა კობახიძისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ახალი მოსამართლის დასანიშნად ხმები არ ჰყოფნის და ამის გამო დღემდე ვერ აირჩიეს მერაბ ტურავას ჩამნაცვლებელი.
ვახუშტი მენაბდე წერს: „მოსამართლე მანანა კობახიძე პარლამენტის კვოტით დანიშნული მოსამართლეა. კონსტიტუციის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო,
„ქართული ოცნება“ კი 89-ს აკონტროლებს. ამავე მიზეზით, მათ დღემდე ვერ აირჩიეს მოსამართლე მერაბ ტურავას ჩამნაცვლებელი“.
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. სასამართლოს ინფორმაციით, უფლებამოსილება მას პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ. სასამართლოს გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ თვითგანრიდების თაობაზე 9 ოქტომბერს მიმართა.
მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს აირჩია.









