კუპრაძე: მანანა კობახიძის გადაწყვეტილება დანაშაულში თანამონაწილეობისგან თავის არიდებაა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე მმართველი გუნდის „სისტემის რღვევის“ ნიშნად აფასებს იმას, რომ მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე ვადაზე ადრე შეუწყდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ამ ნაბიჯით კობახიძემ „დანაშაულში თანამონაწილეობას“ აარიდა თავი.
კუპრაძე წერს: „მანანა კობახიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს დატოვება სამ ამბავზე მიუთითებს: მანანა კობახიძემ თავი აარიდა დანაშაულში თანამონაწილეობას. რისი შედეგებიც ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვისაც და პერსონალურადაც. ვინც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რა უმძიმესი დანაშაული იქნება პოლიტიკური პარტიების გაუქმება, იმედია, ახლა მაინც დაფიქრდება. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი სისტემის რღვევის, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდო კადრებიც კი უარს ამბობენ ირაკლი კობახიძის მიერ გაცემული დანაშაულებრივი დავალებების შესრულებაზე“.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.
მანამდე სასამართლომ არ დააკმაყოფილა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ. სასამართლოს ცნობით, კობახიძემ თვითგანრიდების თხოვნით 9 ოქტომბერს მიმართა.
მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა 2017 წლის 8 თებერვალს აირჩია.









