არავინ არ მეცნობა, არცერთი ბრალდებული არ მეცნობა, ვინც სკამზე არის – 4 ოქტომბრის აქციის დღეს, მომიტინგეები აგრესიულად მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლესთან. როგორც მახსოვს ორჯერ მომხვდა ფეხი, ასევე ჩემს თანამშრომელს, ნიკიტა ბეჟანიშვილს თავის არეში
მუშტი ჩაარტყეს და ჩემს უფროსს, გიორგი წეველიძეს ზურგში ჩაარტყეს ე.წ. აირწინაღი,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულთა სასამართლო სხდომაზე სდსს-ს თანამშრომელმა, გიორგი თათარაშვილმა განაცხადა.
გიორგი თათარაშვილი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის მხრიდან მოწმის სახით იყო წარმოდგენილი. როგორც მან განმარტა, ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი არიან მისი თანამშრომლები. მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქციის დღეს, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლესთან ჯერ ტელევიზიები მივიდნენ, რა დროსაც სდსს-ს თანამშრომლებმა ჭიშკარს დაადეს ბოქლომი. შემდეგ კი, მისი თქმით, „აგრესიულად მივიდნენ მომიტინგეები”.
„როცა მოვიდნენ აქციის მონაწილეები, გვაგინებდნენ, გვლანძღავდნენ საშინელ სიტყვებს გვეუბნებოდნენ. დაიწყეს ჭიშკრის ჯანჯღარი და შემდეგ გადავიდნენ ღობეზე. რამდენიმე თანამშრომელი ვიყავით და ასე ვთქვათ, ჩვენ მოგვიწია პირველი შეტაკება მომიტინგეებთან. აგრესიულად მოვარდნენ, გვირტყამდნენ. მე უშუალოდ, როგორც მახსოვს, ორჯერ მომხვდა ფეხი, მირტყამდნენ ფეხებს და ვცდილობდი თავის დაცვას. საგანი არ მომხვედრია. არ მიმიმართავს სამედიცინო დახმარებისთვის, სურვილი არ მქონდა, რომ მიმემართა. ასევე ჩემს თანამშრომელს, ნიკიტა ბეჟანიშვილს თავის არეში მუშტი ჩაარტყეს და ჩემს უფროსს, გიორგი წეველიძეს ზურგში ჩაარტყეს ე.წ. აირწინაღი. მომიტინგეები ეზოში შემოიჭრნენ.
მივიღეთ შესაბამისი ზომები და ვეცადეთ ჩვენი ძალებით გაგვეწია წინააღმდეგობა, თუმცა რომ ვეღარაფერს გავხდით და უკან დავიხიეთ, მოვიდნენ გდდ-ს თანამშრომლები, განლაგდნენ ეზოში. გდდ-ს მოსვლის მერე, ვეცადე უშუალოდ სასახლის შიგნითა კარების ჩაკეტვას, რათა მომიტინგეები არ შესულიყვნენ შიგნით. გდდ-ს მერე მოვიდა საპატრულო პოლიციის დაახლოებით 50-მდე თანამშრომელი.
აქციის მონაწილეები მეორე ეტაპადაც შემოიჭრნენ და მოხდა გდდ-ს მიერ დაშლა. გვესროდნენ ქვაფენილის ქვებს, დროშის ტარებს, იქ რაც ეყარა ჩაქუჩები და ხარაჩოების რკინები, ეს ყველაფერი ჩვენი მიმართულებით მოდიოდა“, – განაცხადა გიორგი თათარაშვილმა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.





















