მსჯავრდებული, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა შესაძლოა უვადო პატიმრობით შეეცვალოს, 14 თვიან დუმილს არღვევს.
34 წლის გიორგი კავლელაშვილმა ცოლს 19 ჭრილობა მიაყენა იმ დროს, როდესაც ქალს 4 თვის შვილთან ერთად ეძინა.
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა დუმილი სააპელაციო განაჩენის გამოცხადებამდე დაარღვია. მისი თქმით, 20 წელი სამართლიანად მიუსაჯეს, თუმცა ისიც თქვა, რომ დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია.
ბრალდებულის იმედი გამართლდა – სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მისთვის მისჯილი 20 წელი მკვლელობისთვის და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ნაწილში – გამამართლებელი გადაწყვეტილებაც.
მოკლული ქეთი ედიბერიძის ოჯახი ელოდა, რომ დამნაშავეს უვადო პატიმრობას მიუსჯიდნენ.
მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა პროკურორისთვის. ახლა მბრალდებელი მკვლელისთვის უვადო სასჯელს უზენაეს სასამართლოში მოითხოვს.
,,კურიერი P.S.” მკვლელობის ადგილზე მივიდა. მსჯავრდებულის მამა მომხდარს ნარკოტიკულ თრობას უკავშირებს და მოკლულის ოჯახის ბრალდებებსაც პასუხობს.
მამა ნარკოტიკებს ახსენებს, მსჯავრდებული კი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით თავის მართლებას ცდილობს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ დაკავებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, შერაცხადი იყო და მას არც ნარკოტიკის მოხმარება დაუდასტურდა.
ხოლო გიორგი კავლელაშვილის ყოფილი მეუღლე ,,კურიერი P.S.-თან” ინტერვიუში ჰყვება, რომ მოძალადე ქმარს თავი წლების წინ დააღწია.