აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროპის გაყოფა სურს იმ ტაქტიკით, რომელსაც ევროკავშირის მოწინააღმდეგეები იყენებენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს: აშშ-მა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ევროპის გაყოფა სურს. მათ არ მოსწონთ ევროკავშირი“, – განაცხადა კაია კალასმა და დასძინა, რომ ვაშინგტონის მიდგომა იმეორებს ევროკავშირის მოწინააღმდეგეების ტაქტიკას.
მისი თქმით, ბლოკის ქვეყნები უნდა ეცადონ არა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივ ურთიერთობას, არამედ უნდა გააერთიანონ ძალები და დაიკავონ ერთიანი პოზიცია.
„ჩვენი პასუხი არ უნდა იყოს „ოჰ, მოდით, [ტრამპთან] ორმხრივად ვიმუშაოთ“, არამედ: „მოდით, ერთად ვიმუშაოთ მათთან“. მათ არ მოსწონთ ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად ყოფნისას თანაბარი ძალები ვართ“, – აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, ევროკავშირი იძულებულია შეიძინოს იარაღი აშშ-სგან, რადგან მას არ აქვს აქტივები და შესაძლებლობები.
„ჩვენ ამერიკისგან უნდა ვიყიდოთ, რადგან არ გვაქვს საჭირო აქტივები, შესაძლებლობები. ამავდროულად, ჩვენ ასევე გვჭირდება ინვესტიციების ჩადება საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიაში“, – აღნიშნა კალასმა.





































