22 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვე ებრძოდა სიკვდილს, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, ავარიაში დაშავებული ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მანამდე, 2024 წლის 14 ოქტომბერს, ამავე ავარიაში ადგილზევე გარდაიცვალა მისი მეუღლე, 18 წლის ანანო ხურცია, რომელიც 6 თვის ორსული იყო.
ანდრიას კლასის დამრიგებელი, პედაგოგი ია ბაჯელიძე ambebi.ge-ს ესაუბრა:
,,ანდრიანო ჩემი საყვარელი მოსწავლე იყო. მისი კლასის ხელმძღვანელი ვიყავი მეხუთე კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით და თვალწინ მიდგას მისი ბავშვობა. როგორ იზრდებოდა და მშვენდებოდა, ვაჟკაცდებოდა ჩვენი კარგი ბიჭი. ანდრიანო ძალიან მოწესრიგებული, წყნარი, ჭკვიანი ბავშვი იყო და ასეთად დარჩება მუდამ ის ჩემს მეხსიერებაში. შენიშვნას რომ არ იმსახურებდა. 22 წლის იყო და ასეთი მძიმე ამბავი მოხდა, ასეთი ძალიან ახალგაზრდა წავიდა. ბავშვობიდან ბებია ზრდიდა ძირითადად. დედა ემიგრაციაში იყო, უკრაინაში მუშაობდა, მამაც ხშირად იქეთ იყო და პერიოდულად ჩამოდიოდნენ. უფრო ხშირად ბებოსთან გვქონდა კომუნიკაცია, მამაც აკითხავდა სკოლაში. ანდრიანო ძალიან მეგობრული იყო. ყველას უყვარდა და ყველა უყვარდა.
სკოლა რომ დაამთავრა, უკვე შეყვარებული იყო ანანოზე. ჩემს ცხოვრებაში სანამ ვიქნები არ გამოვა ჩემი მეხსიერებიდან მათი ბოლო ზარი და ბანკეტი. სიყვარულისგან თვალები უციმციმებდა. ბანკეტზე მის გვერდით იყო ის ულამაზესი გოგონა ანანო ხურციძე, რომელზე შეყვარებული იყო ანდრიანო. ეს ულამაზესი გოგონა ჩემი თვალებიდან არ ამოდის.
ახალი შეუღლებულები იყვნენ ეს თავზარდამცემი ტრაგედია რომ დატრიალდა. 5 თვის ორსული იყო ანანო, წყვილი გოგონას ელოდებოდა და ეს იყო საშინელება. ავტოავარია ხუცუბანში მოხდა, ხეს შეეჯახნენ და იმდენად ძლიერად, რომ ანანო ხურციძე ადგილზე დაიღუპა. ბავშვი ამოუყვანეს ფეხმძიმე გოგონას, სამწუხაროდ ნაყოფი ვერ გადარჩებოდა და როცა დაკრძალეს, ნაყოფი გულზე ესვენა.
ანდრიანო მაშინ კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ იწვა. ანანოს ცხედარი ჯერ ექსპერტიზაზე გადაასვენეს და იქიდან მისი მშობლების სახლში, ლანჩხუთში და იქ დაკრძალეს. 6 თვეზე მეტია გასული ამ ამბიდან და ამ დრომდე აპარატზე იყო ანდრიანო შეერთებული. ყველანი ვლოცულობდით რომ გადარჩენილიყო. მის დედას რომ ვნახავდი შევეკითხებოდი როგორ არის-მეთქი, მეტყოდა, ხელს რომ დავადებ შუბლზე, რომ მოვეფერები თვალებს გაახელს და შემომხედავსო. ვერ ლაპარაკობდა, ასე იყო მიჯაჭვული საწოლზე ამდენი ხანი დედისერთა ანდრიანო და ეს ანგელოზი ბავშვი დადნა ფაქტობრივად. სამწუხაროდ პარასკევს გარდაიცვალა და სამშაბათს დაკრძალეს თავისი ულამაზესი მეუღლის გვერდით. ეს გოგონა ჩემი თვალებიდან არ ამომდის, ისეთი ლამაზი იყო. ძალიან დიდი ტრაგედიაა, ტრაგედია, როცა დედას, რომელსაც გარდაეცვალა ერთადერთი შვილი სანუგეშოს ვერაფერს ეუბნები ადამიანი. იმ შემზარავი ავარიის დროს მანქანაში იჯდა ანდრიანოს დედა მაიკოც მათთან ერთად. ის გადარჩა, არანაირი დაზიანება არ მიუღია, ამ ავარიის შემდეგ შოკში იყო. მაიკო უკრაინაში მუშაობდა და იმ საბედისწერო დღეს ჩამოვიდა უკრაინიდან. ახალმოყვანილი რძალი და შვილი მანქანით შეხვდნენ სარფის საბაჟოზე, ჩაისვეს მაიკო მანქანაში და სამივე ერთად წამოვიდნენ. გზად გამოიარეს გელაურში, სადაც ცხოვრობს ანდრიანოს დეიდა და იქიდან მოდიოდნენ სახლში, როცა ეს საშინელი ტრაგედია მოხდა.
– მაშინ ითქვა, რომ ბიჭი საჭესთან ნასვამი იჯდა…
– როგორც ამბობენ, ცოტა ლუდი ჰქონია დალეული და ეს არ იმოქმედებდაო. ამბობენ, რომ სიჩქარე იყო ავარიის მიზეზი სამწუხაროდ, ხუცუბნისკენ მოდიოდნენ და ამ დროს შესკდნენ ხეს. დიდი საცოდაობა, ყველას გვტკივა მათი ტკივილი. სანუგეშო სიტყვები არ არის ამ დროს. დედას ბოლი წუთამდე ჰქონდა იმედი რომ გადარჩებოდა, რომ იცოცხლებდა, მაგრამ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, ექიმები დამაიმედებელს ვერაფერს ამბობდნენ. იმასაც ამბობდნენ, რომ გადარჩეს ვერ გაივლის და ვერც ილაპარაკებსო.
ანანო ხურციძე თავდაპირველად დაკრძალეს ლანჩხუთში, მაგრამ მერე გადმოასვენეს გელაურში და ახლა ანდრიანო მისი მეუღლის და შვილის გვერდით დაიკრძალა. საშინელი ტრაგედიაა, რომელმაც ძალიან შეგვძრა. რომ იქორწინა ამ ლამაზმა წყვილმა პატარა სუფრა ჰქონდათ, ქორწილი არ ჰქონიათ. ანდრიანოს დედამ იმ დღეს გაიცნო პირადად თავისი ულამაზესი რძალი და სულ მალე ასეთი ტრაგედია მოხდა. განვიცდით ყველანი, ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ამ დიდ ტრაგედიას”.
წყარო: ambebi.ge