ცდილობდა, მოექრთამა რომელიმე ექიმი და ბავშვის მოშორებაზე უმშობლოდ დაეთანხმებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს ექიმბაშთან მიმიყვანა, რომელიღაც გადაკარგულ სოფელში
40 წლის ვარ. მთელი ცხოვრება დიდი დამღით მოვდივარ. დედა რომ გარდამეცვალა, 6 წლის ვიყავი. დედინაცვალი რამდენიმე თვეში, ფაქტობრივად, ორმოცის მერე, მალევე მოვიდა ოჯახში. ვერ ვიტყვი, თავიდანვე ამითვალწუნა-მეთქი. იქნებ მამაჩემს აჩვენებდა თავს, რომ ვუყვარდი ან იქნებ მართლა შემიყვარა ამ ქალმა, მაგრამ როგორც კი თავად დაორსულდა, ვეღარ მიტანდა. მე კი თავიდანვე შევიძულე, რადგან დედის გარდაცვალება ჯერ მონელებული არ მქონდა, მისი ადგილი რომ დაიკავა. როცა მისგანაც აგრესია ვიგრძენი, სახლში აღარც კი ვჩერდებოდი. რაიონში ვცხოვრობდით, გვერდით სახლში ბიძაჩემი ცხოვრობდა და სულ იქ ვიყავი. ბიცოლაჩემს ვეხვეწებოდი, მიშვილეთ-მეთქი. მამა თავიდან განიცდიდა ჩემს საქციელს, მერე ალბათ მასაც მოსწყინდა. თანაც, კიდევ ერთი პატარა შეემატათ ოჯახში და მისკენ გადავიდა მთელი ყურადღება. ამიტომ, ჩემით არც კი ინტერესდებოდნენ. ეგონათ, ბიძაჩემთან ვიყავი, ბიძაჩემს სახლში ვეგონე, მე კი აქეთ-იქით დავწანწალებდი. გასართობი ადგილების მეტი რა იყო? შუაღამემდე არ შევდიოდი შინ. იმითაც ვსარგებლობდი, რომ მამაჩემსა და ბიძაჩემს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და ვერც ვერაფერს გაიგებდნენ ჩემი ადგილსამყოფლის შესახებ.
მოკლედ, ამ წანწალ-წანწალში ერთი ქალი გავიცანი, რომელსაც ჩემზე უფროსი შვილები ჰყავდა. ხშირად ვაკითხავდი ხოლმე სამსახურში, მასთან ურთიერთობა მომწონდა. რამდენჯერმე სახლშიც წამიყვანა. ვებრალებოდი და ცდილობდა, ჩემთვის რაღაც გაეკეთებინა, თავისი შვილის გამონაცვალ ტანისამოსს მჩუქნიდა, ახლებსაც ყიდულობდა, დაბადების დღეზე თუ ახალ წელს უსაჩუქროდ არ მტოვებდა. ჩვენი ურთიერთობა წლების მანძილზე გრძელდებოდა. მის შვილებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. მე რომ 14 წლის გავხდი, მისი გოგონა უკვე სტუდენტი იყო, ბიჭი კი სკოლას ამთავრებდა. ჩემსა და ვახოს შორის რაღაც ხდებოდა და ვერ ვხვდებოდი. გული მისკენ მიმიწევდა, ვგრძნობდი, რომ მასაც მოსწონდა ჩემთან ყოფნა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს სექსიც გვქონდა. ძალიან არ მიდარდია, რადგან არ ვიცოდი, რა შედეგი შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. ჭკუის დამრიგებელიც არ მყავდა, რომ ამ თემაზე ელაპარაკა. ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა, თითქმის ყოველდღე ვახერხებდით ერთად ყოფნას. სიგიჟემდე მიყვარდა. ასე გაგრძელდა 1 წლის განმავლობაში. მერე კი დავორსულდი.
პანიკამ შემიპყრო და ვის ვეტყოდი? ისევ ვახოს დედას, ცისმარის მივმართე და ყველაფერი გულახდილად ვუთხარი. შოკში ჩავარდა. სულ არაფერში სჭირდებოდა, რომ 18 წლის ბიჭი დაექორწინებინა, თანაც – ჩემზე. ჰოდა, ექიმთან მიმიყვანა, მაგრამ ექიმმა ჩემი ასაკი რომ გაიგო, მოითხოვა, მშობელი მიმეყვანა. ირბინა ცისმარმა, ცდილობდა, მოექრთამა რომელიმე ექიმი და ბავშვის მოშორებაზე უმშობლოდ დაეთანხმებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს ექიმბაშთან მიმიყვანა, რომელიღაც გადაკარგულ სოფელში. ჟანგიანი ინსტრუმენტები რომ დავინახე, აბორტზე უარი ვთქვი. იმდენი ჭკუა კი მქონდა, რომ სიცოცხლე საფრთხეში არ ჩამეგდო.
იქიდან გამოვიქეცი და ვახოც აღარ მინახავს, ისე გამოვქუსლე თბილისში. აქ ჩვენი შორეული ნათესავი ცხოვრობდა და მას მივადექი კარზე. ყველაფერს მოვუყევი. როგორც ჩანს, იმ ქალმა გადაწყვიტა, ხელი მოეთბო ჩემს გასაჭირზე. დამპირდა, რომ ჩემს ოჯახს არაფერს ეტყოდა იმის გარდა, რომ მასთან ვიყავი. – მამაშენს ვეტყვი, ჩემთან დაგტოვოს, არ იქნება წინააღმდეგიო. მოკლედ, ამ ქალის ზედამხედველობის ქვეშ ვიმშობიარე და ბავშვი ისე გააშვილეს, არც მინახავს. მხოლოდ ხმა გავიგონე, რომ ტიროდა. ცოტა ვინერვიულე მაშინ, მაგრამ მაინც ბავშვი ვიყავი და მალე გადამიარა.
ფეხზე რომ დავდექი, ისევ რაიონში დავბრუნდი, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიყავი ცანცარა და ქარაფშუტა გოგო. თითქოს ერთბაშად გავიზარდე და დავბრძენდი. მაშინ იოლი იყო სკოლის გაცდენილ პერიოდზე თვალის დახუჭვა. მამას ვთხოვე, სკოლაში დავებრუნებინე (უკვე X კლასში ვიყავი). დირექტორმა უარი არ თქვა. დედინაცვალი თავის ადგილზე მოვსვი და ისე იოლად ვეღარ მიბედავდა ვერაფერს. რამდენიმე საგანში მომზადებაც დავიწყე და მართალია, პირველ წელს არა, მაგრამ მეორე წელს პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავირიცხე დაწყებითი კლასების პედაგოგის განხრით. გავიდა დრო, უფრო და უფრო მეტი სინანული მეძალებოდა ჩემი საქციელის გამო. არ გავთხოვდი იმის გამო, რომ შვილის გაჩენა არ მინდოდა, ვფიქრობდი, ერთი გავაშვილე და სხვა რომ შემეძინოს, ვერ შევძლებ მის მოფერებას-მეთქი.
ბოლო წლებია, ჩემს შვილს ვეძებ. გამახსენდა, რომ როცა ფეხმძიმობის დროს ნათესავის ოჯახში ვცხოვრობდი, ერთი ქალი დადიოდა ხშირად. რატომღაც ვიეჭვე, რომ მას უნდოდა ჩემი ბავშვის აყვანა და ჩემს სანახავად მოდიოდა. კვალმა მასთან მიმიყვანა და აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩემი შვილის კბილა გოგონა ჰყავდა. ვითომ შემთხვევით გადავეყარე ქუჩაში, მოვიკითხე. სახეზე შევატყვე, არ ესიამოვნა. გამოვკითხე ოჯახის ამბები… ანუ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მისი შვილის დაბადების თარიღის დადგენა მოვახერხე და აღმოჩნდა, რომ მაშინ, როცა ის ჩვენთან სტუმრად დადიოდა, ფეხმძიმედ უნდა ყოფილიყო. არადა, ნამდვილად არ იყო…
ჩემი ეჭვი დადასტურდა. “ოდნოკლასნიკებზე” მოვძებნე გოგონას სურათები და ნამდვილად მგავდა. ჩემს ნათესავს დავადექი თავზე და ვუთხარი, ყველაფერი ვიცი-მეთქი. ვათქმევინე, რომ ბავშვი გაყიდა და ნამდვილად იმ ქალს მიჰყიდა.
ახლა უკვე არ ვიცი, როგორ მოვიქცე. გოგონა უკვე დიდია, 25 წლის გახდება, სადაცაა. გამიგებს კი? მეშინია, ცხოვრება არ დაენგრეს თავზე. საშინელ დღეში ვარ, საშველი კი არ ჩანს. ამდენს ვერ გავუძლებ… პატივისცემით, უცნობი.
Discussion about this post