ფერსცვალობა იწყება ცოდვათა შენდობით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გააცნობიერებთ, რომ ღვთისა და ადამიანების წინაშე ცოდავთ, აუცილებლად უკეთესი ადამიანი გახდებით. უფალმა ფერი სწორედ ჩვენს გამო იცვალა, დაგვარწმუნა, რომ ცოდვათა აღიარებით და მიტევებით კიდევ უფრო უკეთესები გავხდებით. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უცოდველი იყო, მაინც შეიბრალა ცოდვებში ჩაფლული ხალხი და მოგვცა გზა, თუ როგორ შეიძლება აჯობო თავს.
მაშინ როდესაც ადამიანი ჩაფლულია ცოდვებში, ის ვერ გრძნობს თავისი არსებობის უგუნურებას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საკუთარ ცოდვებს აღიარებ, განიწმინდებიმ მოინანიებ და შემდეგ საკუთარ თავს შეხედავ და გაიხსენებ თუ როგორი იყავი და ეს შეგაძრწუნებთ.
დოდო (57 წლის): ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს, დაფიქრდეს და გამოსწორდეს. უფალმა ნებისმიერ ადამიანს მისცა ამის ძალა. რაც შეეხება ჩემს ისტორიას, ჩემი შვილი ნარკომანი გახდა. ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ, ჩვენ, მშობლებმა, დავუშვით შეცდომა, რადგან მას ძალიან ვანებივრებდით, რასაც მოისურვებდა არაფერს ვუშლიდით, მის სიტყვას მყისვე ვასრულებდით. კარგი ბიჭი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც სკოლა დაამთავრა აურია და საბოლოო შედეგიც სავალალო მივიღეთ.
ამ ამბის გაგება ღვთის რისხვა იყო ჩვენთვის. ლამის მოვკვდით დარდისაგან, მიცვალებულივით გამოვიგლოვეთ. მეტიც, ღმერთს ვცოდავდი და ვამბობდი, ნეტავ მისი დაბადების სიხარული არ განმეცადა (სამი გოგონას შემდეგ გვეყოლა) ან მომკვდომოდა-მეთქი. მერე რაღაცნაირად ძალა მომეცა.
ეკლესიური მანამდეც ვიყავი, მაგრამ ახლა გაათკეცებით ვლოცულობდი და მოწყალებას გავცემდი. ღმერთმა ისმინა ჩემი და ჩემმა შვილმა გული მოიბრუნა ეკლესიისკენ, მერე მონასტერშიც წავიდა და ნელ-ნელა, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოერია თავს. უმაღლეს სასწავლებელში ხელახლა ჩააბარა, ცოლიც შეირთო და შვილებიც ჰყავს. მისი დღე ლოცვით იწყება და ლოცვით მთავრდება, იცის, რომ მის განკურნებაში უფლის ხელი ურევია.
Discussion about this post