სტატიის ავტორი: ხათუნა ჩიმაკაძე – კარიბჭე
აბა, რა დიდი მტკიცება სჭირდება იმას, სახარების კითხვას და გაგებას რომ დაიწყებ, შენი ნაბიჯი ქრისტეს გზაზე უკვე მტკიცეა. ერთი რამეცაა – სახარების ბოლომდე წვდომა არავის ძალუძს წმინდა მამების გარდა. წვდომაში შემეცნებაც იგულისხმება და თუ ეს ორი გონებისმიერი ძალა ერთმანეთს დაშორდა, გაგიჭირდება მისი სიღრმეების ჭვრეტა.
ნატალია (50 წლის): სკოლა ისე დავამთავრე, არც კი ვიცოდი, ბიბლია თუ არსებობდა. ქრისტეს შესახებ ჩურჩულს რომ მოჰყვებოდნენ, მიკვირდა, ნეტავ სად გაიგონეს-მეთქი. ჩვენს მოხუცებს ეს ყველაფერი გიმნაზიებსა და ეკლესიებში ჰქონდათ მოსმენილი, მერე კი უფლის ხსენება აუკრძალეს და შიშით დადუმდნენ. დედაჩემი გულდაწყვეტილი ჰყვებოდა, – დედაჩემს მზითევში სახარება გამოატანეს და კომუნისტების შიშით ტყეში დაუმარხავსო. მერე, როცა ამ შიშმა ასე თუ ისე გადაიარა, უძებნიათ, მაგრამ ვეღარ უპოვიათ. არ უნდა გაფუჭებულიყო, გასანთლულ ტილოში ჰქონდა მოწიწებით შეხვეულიო, – იმედოვნებდა.
მოკლედ, დავამთავრე სკოლა და ჩამოვედი თბილისში. მაშინ ხუთოსანი, ნიჭიერი, “პატრონიანი” უნდა ყოფილიყავი, თორემ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდებოდი. მეც ჩავაბარე უნივერსიტეტში და სტუდენტი გავხდი. ხარბად ვისმენდი ჩვენი საოცარი ლექტორების ლექციებს. ბატონი ელგუჯა ხინთიბიძე გვესაუბრა სახარებაზეც, როგორც ნათარგმნ უნიკალურ ლიტერატურულ ნაწარმოებზე. ძველი ქართული ლიტერატურა ძირითადად საისტორიო მწერლობის სხვადასხვა ჟანრს განიხილავს და საოცრად საინტერესოა, მაგრამ ბატონ ელგუჯას სახარებაზე საუბრისას სხვანაირად უბრწყინავდა თვალები და ჩვენც დაგვავალა – ნიშანს არავის დავუწერ, ვინც სახარებას არ წაიკითხავსო.
წელმოწყვეტილი წავედი მეორე დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში. ალბათ ორი-სამი ცალიღა იქნებოდა შემორჩენილი, რადგან სამი საათი არ აინთო ტაბლოზე ჩემი ნომერი. როგორც იქნა, ვეღირსე და დავიწყე კითხვა. თავიდან გენეალოგიამ გამაწამა, მერე და მერე შევყევი… ვკითხულობდი და გულში ჩხვლეტას ვგრძნობდი… ბავშვობიდან წიგნებს ვიყავი ჩაშტერებული და ასეთი არაფერი მიგრძნია. გოგონა, ბიბლიოთეკას ვკეტავთო, რომ გავიგონე, მაშინ მივხვდი, დაღამებულიყო, არადა წიგნი არ მეთმობოდა. სიბნელის მეშინია, მაგრამ ისე გამოვედი, ჩავჯექი ტროლეიბუსში და ავუყევი იმ ჩემს ჩაბნელებულ ქუჩას, არაფერი მიგრძნია, თითქოს ამ ქვეყანაზე არ ვიყავი…
წყარო: http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/mkithkhvelis-gverdi/4510-qristes-shesakheb-churchuls-rom-mohyvebodnen-mikvirda-netav-sad-gaigones-methqi.html
Discussion about this post