საქართველოს პარლამენტის და „ქართული ოცნების“ წევრ რევაზ არველაძის განცხადებით, ბოლო დროს ენერგეტიკის დარგის მიმართ განსაკუთრებული წინააღმდეგობის გაწევა ხდება, რაც შესაძლოა, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს.
მისივე განმარტებით, 80-იან წლებში სწორედ მსგავსი ბრძოლა მიმდინარეობდა ხუდონის და ნამახვანის ჰესების წინააღმდეგაც.
„გამოცხადდა სარწყავისთვის წყალსაცავის მშენებლობა და აქ ხმა არავის ამოუღია. გამოდის, რომ ზოგადად ჰიდროტექნიკური ნაგებობები, კაშხლები და წყალსაცავები კი არაა პრობლემა, საუბარი წავიდა მხოლოდ ენერგეტიკაზე. ძალიან კარგად მახსოვს, 80-იან წლებში როგორ დაიწყო შეტევა ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე, ოფიციალური და სერიოზული წყაროდან ვიცი, რომ ეს იყო რუსეთისგან მართული. ქვეყნის სადავეები თუ გინდა ხელში ჩაიგდო, მას ენერგეტიკა არ უნდა ჰქონდეს და შენზე უნდა იყოს დამოკიდებული, ეს უნდოდა სწორედ რუსეთს. დაიწყო ბრძოლა ხუდონჰესის, ნამახვანის ჰესების, მთლიანობაში ენერგეტიკის წინააღმდეგ მუშაობა”, – განაცხადა არველაძემ.
მისივე თქმით, ჰესების აშენებასთან დაკავშირებით, მთავრობის მხრიდან განმარტებითი სამუშაოების ჩატარება, საკმარისი არ არის. პარლამენტარი ამბობს, რომ 1 კვირის წინ პანკისში თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.
“მთავრობის მხრიდან საკმარისი არ არის ის განმარტებითი მუშაობა, რომელსაც ის ატარებს მოსახლეობასთან, ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში, თუნდაც გუშინდელი შემთხვევა რომ ავიღოთ. როგორც თქვეს, 1 წელია მოსახლეობასთან მუშაობა მიდის და ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე, რომელიც წინა კვირას შედგა მოსახლეობასა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს შორის, თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო, როგორც გამოჩნდა, ეს ასე არაა. გამოდის, რომ ამ მიმართულებით საკმარისი არაა მუშაობა”, – განაცხადა bm.ge-თან პარლამენტარმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობაში ჰესის „ხადორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის – 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.
გუშინვე, პანკისის ხეობაში მინისტრთა კაბინეტის წევრები – შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინსიტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ.
პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ხადორი-3-ის მშენებლობა მაშინ განახლდება, როცა ადგილობრივების 90% მხარს დაუჭერს.
ცნობისთვის: „ხადორი 3“-ის 5,4 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰესს კომპანია „ფერი“ აშენებს. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდეს. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.
Discussion about this post