ნინი ბადურაშვილს თავისი ტანსაცმლის ხაზი აქვს. „პრაიმშოუში“ საკუთარი შექმნილი სამოსით გამოჩნდა თუ არა (ხაკისფერი კოსტიუმი და შავი კაბა), დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. Co.Mode by Nini Badurashvili – ამ ბრენდით ნინის შექმნილ სამოსს მაღაზია „ქომოდშიც“ შეიძენთ და გამოწერითაც. კოლაბორაციამ გაამართლაო, ამბობს მომღერალი.
ნინი ბადურაშვილი: – დიზაინერი არ ვარ, ვერ დავიბრალებ და ამაზე პრეტენზია არც მაქვს. არის პრაქტიკა, რომ ცნობილი სახეები თავის ხაზს უშვებენ, კოსმეტიკური იქნება ეს თუ – ტანსაცმლის. ხშირად მისვამენ კითხვას, ეს კაბა სად შეიკერე, ეს ქვედაბოლო სად შეიძინეო?.. „ქომოდი“ დიდი ხანია ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობს. „პრაიმშოუში“ მეცვა მათი შექმნილი სამოსი, მაყურებელს მოეწონა და გადავწყვიტე მეც მეთანამშრომლა“ – „პრაიმტაიმს“ უცხადებს ნინი.
სამ თვიანი კოლაბორაციის შემდეგ რა იქნება, ჯერ არ იცის. თუმცა, ამ სფეროში გეგმები აქვს. შექმნილი აქვს ექვსი კოსტიუმი – კაბა, ქვედაბოლო, პიჯაკი.
„ლუქებიდან რაც მომწონს, იმას ჩემი გემოვნებით ვაწყობ, გადავაკეთებ, გადმოვაკეთებ. ფასები? ნორმალურია, ჩვენს ბაზარს მორგებული. საშუალოდ კაბა 170 ლარი ღირს. ზოგი მწერს ძვირიაო. ეს გავითვალისწინე და ახალ კაბას დავაკელი ფასი. ახალი ვარ ბაზარზე და ვეცნობი, რამდენად გადამხდელუნარიანია ქართველი მომხმარებელი.“
ეკა კახიანს მოსწონს ნინის წარმოებული სამოსი. ქალიშვილი ორი კაბის ჩუქებას დაპირდა.
„ჩემი და ეკას გემოვნება ემთხვევა. ვიცი, რომელი კაბებიც მოსწონს და აუცილებლად ვაჩუქებ.“
Discussion about this post