ყველასათვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელი სამყარო 19 იანვარს აღნიშნავს ნათლისღებას, რომელიც არის ერთ-ერთი შვიდთაგანი წმინდა საიდუმლოდან ახალი აღთქმის მიხედვით. როგორც წესი ნათლისღებას ძალიან ბევრი ნათლობა იმართება და ხდება წყლის კურთხევა- წყალკურთხევა. მრევლსა და ყველა მსურველს ენიჭება უფლება სახლში წაიღოს ეს “განწმედილი” წყალი და სწორად მოიხმაროს.
სახარების თანახმად სწორედ 19 იანვარს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.
ტროპარი:
რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.
კონდაკი:
განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.
ნაკურთხი წყალი
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.
P.S. ქრისტეს მიერ საყვარელნო, დღეს ჩვენ დიდ წყალობას გვიმზადებს უფალი. ნაკურთხმა წყალმა უნდა განაახლოს ჩვენი დამძიმებული სული და სხეული, მან უნდა შემოიტანოს თითოეულ ჩვენგანში სული წმიდის მადლი და მასთან ერთად სიხარული. ამიტომ გისურვებთ საკურნებელად გექცეთ იგი. მან გაანათლოს თქვენი სულები, ოჯახები, ეკლესია და ერი. ღმერთმა მრავალ წყალკურთხევას დაგასწროთ ყველანი, ამინ!
Discussion about this post