ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ „კვირის პალიტრასთან“ მისი შვილის შესახებ ისაუბრა. ნათია საყვარელიძის თქმით, მისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს თუ არა პირველი ინსტანციის განაჩენს, რადგან მკვლელმა დარჩენილი ცხოვრება ტანჯვისთვის განწირული დატოვა.
„ახლა ყველაზე ნაკლებად ვნერვიულობ იმაზე, აპელაცია ძალაში დატოვებს თუ არა პირველი ინსტანციის განაჩენს, ჩემთვის ყველაფერი გარკვეულია. არა აქვს მნიშვნელობა, 10 წელს მისცემენ თუ 50-ს, ლევანს ვერასდროს დავიბრუნებ. მკვლელმა დარჩენილი ცხოვრება ტანჯვისთვის განწირული დამტოვა.
დღემდე ავითარებენ ვერსიას, თითქოს ლევანი ორი დანით ორმა დაჭრა, რაც, სავარაუდოდ, დაცვის მოფიქრებული ხრიკია, რომ გ.ბ. გაამართლონ. არავითარი მეორე არ არსებობს. მოწმე დიანა ბოლოთაშვილი პირველ სართულზე ცხოვრობს, მან უყურა ამ სცენას. რატომ მიეჭრა და გაიმეტა გ.ბ.-მ ლევანი, ამაზე პასუხი არა მაქვს. მოწმის სიტყვები დღემდე ჩამესმის, სანამ დანა არ დაარტყა, არ მოეშვაო. შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, დავრწმუნდი, არანაირი აფექტი არ ყოფილა: ეს ბიჭი, გ.ბ., მიდის და კვალის დაფარვას ცდილობს. ყველა ნაბიჯი ცივი გონებით გათვალა, ჯერ მეგობარს დაამალვინებს დანას, სახლში ტანსაცმელს იცვლის, რეცხავს და მერე ყველაფერს იმით აგვირგვინებს, რომ მშვიდად ჯდება ინგლისურის გაკვეთილზე. მისთვის სინანულის მსგავსი არაფერი შემიტყვია…
მინდა ზაზა სარალიძემაც იპოვოს სიმართლე. ზაზამაც უნდა იცოდეს, ვინ მოუსწრაფა მის შვილს სიცოცხლე.“- განაცხადა ნათია საყვარელიძემ.
სრულად იხილეთ kvirispalitra.ge
Discussion about this post