15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
– მეგობრებო, არამეგობრებო, მოკეთეებო და მტრებო:
მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა მითხრეს – წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიერთდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე და შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუამ თავი ჩამოიხრჩო. მას მერე, დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა. ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი.
Discussion about this post