კლუბ “ბასიანში” 14 ახალგაზრდა მოიწამლა. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი ალკოჰოლია. ამის შესახებ ინფორმაციას ექსკლუზიურად “კვირა” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს, 14 ივნისს მოხდა. მოწამლული ახალგაზრდები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მათ სამედიცინო დახმარება ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების გამო დასჭირდათ, თუმცა შემდგომში ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდებს შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები ჩაუტარდათ, თუმცა კლინიკებში გადაყვანა მაინც დასჭირდათ. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდების უმეტესობამ კლინიკები უკვე დატოვა, თუმცა რამდენიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ამ დრომდე, ქართულ-გერმანული ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული ერთ-ერთი ახალგაზრდა – ბექა. ზ – რომელიც კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც “კვირას” ქართულ -გერმანულ ჰოსპიტალში განუცხადეს, ბექა. ზ-ს მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია, თუმცა ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც ჰოსპიტალში განმარტავენ, მედიკოსები პაციენტის ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგებს ელოდებიან. ამავე ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას ბექა. ზ-ს-თან ერთად 14 ივნისს მოთავსებული კიდევ ორი ახალგაზრდა. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის – აღებულია შარდისა და სისხლის ბიო-მასალები, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა.
კვირა
Discussion about this post